მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

“საქართველოს საბაჟოებზე მძღოლებს თანხებს სძალავენ”

თურქეთის მეჯლისის ოპოზიციონერი დეპუტატი აჰმეთ კაია აცხადებს, რომ თურქ მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს გავლით, რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ტვირთები გადააქვთ, საქართველოს საბაჟოებზე 1 000-დან 2 000-მდე დოლარს სძალავენ.

ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მძღოლების ამ პრობლემით დაინტერესდეს.

მისივე თქმით, ასეთ რთულ პერიოდში ამ თანხის გადახდა გადამზიდავ კომპანიებს რთულ მდგომარეობაში აყენებს.

საგანგებო ბრიფინგზე დეპუტატმა თანხის გამოძალვის „პროცედურა“ ახსნა: „თუ ფულს არ გადაუხდიან, რა ხდება? 10-15 დღის განმავლობაში წითელ ზოლში გადაჰყავთ [მანქანები] თითქოსდა, შემოწმების მიზნით. 1 000-2 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, მძღოლებს დაუყოვნებლივ ატარებენ. ამ ვითარებაში, კომპანიებს დიდი ზარალი ადგებათ“.

დეპუტატმა ჟურნალისტებს აჩვენა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, საბაჟოზე ტვირთის გატარების თხოვნით, თბილისში რეკავს და მას ქრთამის სახით, 1000 დოლარის გადახდას ღიად სთხოვენ. „თუ კარგოს ტვირთია, მაშინ 1200 დოლარი.” – ისმის ჩანაწერში.

დეპუტატმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე კიდევ უფრო რადიკალური პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოს საბაჟოების მებაჟეებს „ბანდიტები“ უწოდა.

„საქართველოს გავლით რუსეთსა და ყაზახეთში მიმავალ თურქული ტრაილერების მძღოლებს ქართველი საბაჟო ბანდები თანხას სძალავენ. რადგან 1 000-2 000 დოლარის გადახდის მსურველი არავინაა, მათ ისე ექცევიან, როგორც კონტრაბანდისტებს და სთხოვენ, შემოწმების მიზნით, ტვირთები დაცალონ. ამ გზით, ისინი დაშინების პოლიტიკას ატარებენ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თურქ გადამზიდავებს ყურადღება მიაქციონ.” – წერს თურქეთის მეჯლისის დეპუტატი აჰმეთ კაია.

აჰმეთ კაიას განცხადებას შემოსავლების სამსახური განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

“საბაჟო კონტროლი, მათ შორის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ეფუძნება მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების გამოყენებას და ხორციელდება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძვლებზე.

“აქვე აღვნიშნავთ, რომ პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს გადაადგილებისას რაიმე სახის პრობლემები არ შექმნიათ. საქართველოს საბაჟო საზღვარზე მათი გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

“ამასთან, მიმდინარე წლის მარტი-მაისის პერიოდში, თურქეთიდან საქართველოს გავლით, ტრანზიტულად გაიარა 25 000-ზე მეტმა ავტოტრანსპორტო საშუალებამ, რომელთაგან სპეციფიკურ საბაჟო კონტროლს დაექვემდებარა მხოლოდ 109 მანქანა, რაც მთლიანი ოდენობის 0,4 %-ია. ამასთან, განვმარტავთ, რომ კონტროლს დაქვემდებარებული 109 მანქანიდან უმეტესმა ნაწილმა, საქართველოს ტერიტორია დატოვა 1-4 დღის განმავლობაში და არა 10-15 დღისა, როგორც ეს მეჯლისის დეპუტატის განცხადებაშია აღნიშნული.

“შემოსავლების სამსახური აქტიურად არის ჩართული თურქეთის მხარესთან საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგის პროცესში და ყოველი ახალი რეგულაციის შესახებ ოპერატიულად ხდება ინფორმაციის გაზიარება. სწორედ ამის დასტურია, მიმდინარე წლის 12 ივნისს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ლევან კაკავასა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის რიზა თუნა თურაგაის შორის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრა. მხარეები მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას ამ მიმართულებით.” – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

“ბათუმელების” ინფორმაციით, ორი თვის წინ საქართველოში მოქმედი გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ შემოსავლების სამსახური მათ ტვირთებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ] ხელოვნურად აფერხებდა.

გადამზიდავები ყვებოდნენ, რომ სარფის საბაჟოზე ტვირთების გასატარებლად, სოლიდურ თანხას სძალავდნენ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button