მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში 2023 წელს აივ-ინფიცირების 560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2023 წელს აივ-ინფიცირების 560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, 2023 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ცენტრში რეგისტრირებულია ინფიცირების 10 338 შემთხვევა, საიდანაც 7 736 -კაცია, 2 602 კი ქალი.

ცენტრის ინფორმაციით, შიდსი განუვითარდა 4985 პაციენტს, 2185 გარდაიცვალა.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
საქართველოში დღეისთვის დაახლოებით 8000 აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით სხვა მეზობელი ქვეყნებისგან.

„საქართველოში დღეისთვის დაახლოებით 8000 აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებული ძალისხმევით საქართველომ მიაღწია იმას, რომ თავიდან აიცილა შიდსის მასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით ჩვენი ბევრი მეზობელი ქვეყნისგან. 2025 და 2023 წლისთვის მიზანია, რომ ყველა აივ ინფიცირებულის 95% გამოვავლინოთ. ყველა გამოვლენილის 95% უნდა დავითანხმოთ მკურნალობაზე და ყველა ნამკურნალევის 95%-ში უნდა მივაღწიოთ ვირუსის განულებას.

დღეს ჩვენთან ყველა აივ ინფიცირებულის 83% გამოვლენილია, იცის, რომ აქვს აივ ინფექცია და ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. ამ 83%-დან 86% დათანხმდა მკურნალობას და მკურნალობს ყველა წესის დაცვით და იმათგან, ვინც მკურნალობს, 92% განკურნებული მთლიანად არ არის, მაგრამ ვირუსი განულებულია და ის, პრაქტიკულად, ჯანმრთელია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო შიდსთან ბრძოლის კუთხით უპირობო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის.

„მოგეხსენებათ, შიდსი, მიუხედავად იმისა, რომ მის მართვაში სერიოზული წარმატებებია მიღწეული და მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა ახალი ინფექციები, რომელმაც დროებით მეტი ყურადღება მიიპყრო, ვგულისხმობ კოვიდს, მაინც რჩება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად მსოფლიო მედიცინისთვის, რამეთუ ის ჯერჯერობით არ არის განკურნებადი, თუმცა ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული და ის სასიკვდილო დაავადებიდან ქრონიკულ, მართვად დაავადებად გადაიქცა. თუ შიდსით დაავადებულს სწორად მართავთ და თვითონ პაციენტიც თავის თავს უვლის, რეალურად, ის მთელი სიცოცხლე ისე იცხოვრებს, როგორც ჯანმრთელი ადამიანი. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ იქნება. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ეს მიღწეულია და საბედნიეროდ, საქართველო ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, საქართველო უპირობო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. ჩვენთან აივ ინფიცირებული პაციენტები აბსოლუტურად არ არიან შეზღუდული, ისინი ინტეგრირებული არიან სრულფასოვან ცხოვრებაში, მსახურობენ, ქორწინდებიან, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ორგანიზებით, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დარგის სპეციალისტები და პროგრამაში ჩართული პირები, აღინიშნა, რომ აივ-ინფექციის პანდემიის დასრულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფექციის ადრეული გამოვლენა, ეფექტიანი მკურნალობა, პრევენციული ღონისძიებები, აივ ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აივ-ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, ასევე შიდსის სამკურნალო მედიკამენტები.

მათივე ცნობით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
შეგახსენებთ 1-ელ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 1989 წლიდან დღემდე სულ 10 338 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათგან 7736 – მამაკაცი და 2602 – ქალია. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მათი რიცხვი 2185 პირს შეადგენს.

მიმდინარე წელს აივ ინფექციის 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშან შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.

ანტირეტროსულ თერაპიას 6362 პაციენტი იტარებს, მათ შორის 41- ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მოხედვით შემდეგია:

* 32,2% – ნარკოტიკების ინექციური მოხმარება

* 51,7% – ჰეტეროსექსუალური კონტაქტი;

* 13,4 % – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცთან

* 1,2 % – ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემა;

* 0,4 % – სისხლის გადასხმა

* 1,2 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.

რაც შეეხება აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას, შემთხვევის უმეტესობა თბილისში აღინიშნება (3889 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა); შემდეგ სამეგრელოში – 1315; იმერეთში – 1246; აჭარაში – 1236; აფხაზეთში – (559); კახეთში – (504); ქვემო ქართლში – 648; შიდა ქართლში (401); გურიაში (214); სამცხე-ჯავახეთში (148) და ა.შ.

შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) არის გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამედიცინო მომსახურებისა და ადვოკატირების გაწევას 1.9 მილიონზე მეტი ადამიანისთვის მსოფლიოს 45 ქვეყანაში: აშშ-ში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში/კარიბში, აზიაში/წყნარი ოკეანის რეგიონში და ევროპაში. სადღეისოდ, ჩვენ ვართ აივ/შიდსთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების მსოფლიოში ყველაზე დიდი არაკომერციული მიმწოდებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button