მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლები კვლავ გრძელდება

ისრაელის არმიამ პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ დაადანაშაულა დროებითი ზავის პირობების დარღვევაში და დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები განაახლა.
„ჰამასის“ მმართველობის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, ღაზაში 109 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ასეულობით ადამიანი დაშავდა.
BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის შემდეგ 14 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6000 ბავშვი.

ამასთან, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, დღეს დილით საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, მათ 200 საჰაერო იერიში მიიტანეს სხვადასხვა ობიექტზე.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, „სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებმა განახორციელეს დარტყმები ტერორისტულ სამიზნეებზე ღაზას სექტორის ჩრდილოეთით და სამხრეთით, მათ შორის ხან იუნისსა და რაფაში“.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დაარტყა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დანაღმულ ტერიტორიებს, ტერორისტულ გვირაბებსა და ოპერატიული მართვის ცენტრებს, რომელთა გამოყენებასაც ჰამასი გეგმავდა.

ჰამასის მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დროებითი ზავის დასრულებიდან პირველ სამ საათში 32 ადამიანი დაიღუპა.
განცხადება ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ გაკეთდა.
ცნობისთვის ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავის მოქმედების ვადა დღეს, 1 დეკემბერს ადგილობრივი დროით 07:00 საათზე იწურებოდა და ვრცელდებოდა ცნობა ზავის შესაძლო გაგრძელების შესახებ. თუმცა, ჯერ კიდევ ვადის ამოწურვამდე ისრაელის არმიამ განაახლა ღაზის სექტორზე ავიადარტყმები და საარტილერიო შეტევა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 22 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ღაზის სექტორში მყოფი, ისრაელიდან გატაცებული მძევლების, ძირითადად ქალების და ბავშვების გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი ქალების და მოზარდების გაშვებას და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე. 30 ნოემბერს დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით, 1 დეკემბრის 07:00 საათამდე გაგრძელდა. 30 ნოემბერს „ჰამასმა“ 8 მძევალი გაათავისუფლა, ხოლო ისრაელმა – 30 პალესტინელი პატიმარი.

7-დღიანი ჰუმანიტარული პაუზის პერიოდში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 100-ზე მეტი მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 240-მდე პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზის სექტორში 240-მდე მძევალია.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასის” მიერ მართულ ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

მსგავსი პოსტები

Back to top button