მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

 

ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.

საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 48 პარტიასა და 2 საარჩევნო ბლოკს შორის მოუწევს. ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი გაიხსნება, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი იქნება საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიკეტება. 07:00 საათზე საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები უნდა ჩატარდეს, უშუალოდ ხმის მიცემის პროცედურა კი, 08:00 საათზე დაიწყება. კენჭისყრის შენობა 20:00 საათზე დაიკეტება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს, მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას აღნიშნავს.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა.

31 ოქტომბრის არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ტარდება. 150-წევრიან პარლამენტში მხოლოდ 30 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება, ხოლო დარჩენილი 120 დეპუტატის არჩევა პარტიული სიებიდან, პროპორციული წესით მოხდება. ძალთა როგორი გადანაწილება სჭირდებათ პოლიტიკურ პარტიებს/ბლოკებს იმისთვის, რომ ახალი პრემიერი შეარჩიონ და მთავრობაც დააკომპლექტონ? როგორ აისახება ამომრჩევლების მიერ მიცემული ხმები არჩევნების საბოლოო შედეგზე? რა წინასწარი სურათი დახატეს საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა?

რა შემთხვევაში მოხვდება პარტია/ბლოკი პარლამენტში?

იმისათვის, რომ პარლამენტში ერთი დეპუტატით მაინც მოხვდეს, ამა თუ იმ პარტიამ 1%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს; ხოლო საარჩევნო ბლოკისთვის ეს ბარიერი იმდენივეა, რამდენ პარტიასაც აერთიანებს ეს ბლოკი.

31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე 50 პოლიტიკური ძალის ჩამონათვალში მხოლოდ ორი ბლოკია: „ენმ – გაერთიანებული ოპოზიცია“ 5 პარტიას აერთიანებს, ხოლო „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2 პარტიას.

პარტიიდან თუ ბლოკიდან პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატების რაოდენობა დამოკიდებულია როგორც არჩევნების პროპორციულ (პარტიული სიების) ნაწილზე, ასევე – მაჟორიტარულზე.

თუკი პარტია/ბლოკი ვერ გადალახავს ე.წ, „ჩამკეტის“ 40.54%-იან ბარიერს, მის შემთხვევაში არ დაჯამდება პროპორციული და მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა;

მანდატების შეჯამების პრივილეგია უჩნდება მხოლოდ იმ პარტიას/ბლოკს, რომელიც არჩევნების პროპორციულ ნაწილში მიიღებს 40.54%-ზე მეტს;

პარლამენტში შედის ყველა გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი; ე.წ. “ჩამოჭრა” ხდება პროპორციული წესით დაგროვილი მანდატებიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button