საქართველოში ბანას მონასტრის მსგავსი კომპლექსის აშენება იგეგმება [ვიდეო]
სურამში ბანას მონასტრის მსგავსი, წრიული ფორმის კომპლექსის აშენება იგეგმება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქოში, პროექტის ავტორები და არქიტექტორები უწმინდესს შეხვდნენ. როგორც მეუფე სვიმეონმა განაცხადა, ტაძრის საძირკვლის კურთხევა მომავალი წლის აპრილში მოხდება, რაც ილია მეორის დაბადებიდან 85 წლის და აღსაყდრებიდან 40 წლისთავს მიეძღვნება.
მისივე განმარტებით, საძირკველის ჩაყრამდე მონასტრის მაკეტი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ხელოვნებათმცოდნეებსა და სტუდენტებს წარედგინებათ, რათა მომავალმა თაობამ აღნიშნული მონასტრის შესახებ იცოდეს.
“ზუსტი ასლის აღდგენა ნანგრევებიდან შეუძლებელია. ეს არის მიმსგავსებული. მსგავსი შემთხვევები ყოფილა საქართველოს ისტორიაში. არის, მაგალითად, ატენის ტაძარი განმეორებული, როგორც დღევანდელი ჯვრის ტაძარი და არის ბევრი შემთხვევა. ეს მიზნად ისახავს არა მხოლოდ მის არქიტექტურულ განმეორებას, არამედ მის ძირითად მნიშვნელობას როგორც სასულიერო, ისე საგანმანათლებლო კუთხით”, – განაცხადა მეუფე სვიმეონმა.
მისივე თქმით, ბანას ტაძრის მშენებლობა ემსახურება იმას, რომ „ეს ტაძარი ქვეყანას, ერს აერთიანებს“.
ბანას წრიული ფორმის მონასტერი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ტაო-კლარჯეთი ►