საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა

საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა.
18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები და ასევე, უცხო ქვეყნების მოქალაქეები კონკრეტულ დაწესებულებებში დაიშვებიან მხოლოდ ე.წ. მწვანე პასპორტით.
მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.
ბარათის გარეშე შესვლა შეუძლებელი ხდება რესტორნების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში,
კინოთეატრებში,
თეატრებში,
გასართობ ცენტრებში,
სათამაშო ბიზნეს ობიექტებზე,
სპა ცენტრებში,
ფიტნეს დარბაზებსა და სასტუმროებში.
რეგულაცია მკაცრად გაკონტროლდება. თუ რომელიმე ობიექტი მწვანე ბარათის კონცეფციას დაარღვევს, ინდ მეწარმისთვის ჯარიმა 2000 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის კი 10 000. ასევე, დღეიდან რესტორნებისთვის სამუშაო დროის შეზღუდვა იხსნება და ობიექტები მათთვის სასურველი დროით იმუშავებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია – CovidPass Georgia და Georgia e-Health
CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.