ვოლგოგრადში მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ამჟამად ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნავთობპროდუქტები 300 კვ.მ ფართობზე დაიწვა.
ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძარი საწარმოში დრონის ჩამოვადნის შედეგად გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ლოკალიზებულია და ღია ცეცხლი ლიკვიდირებულია. მსხვერპლი არ არის“, – წერს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორი, ანდრეი ბოჩაროვი „ტელეგრამის“ არხზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გვიან ღამით, ბელგოროდის, ვოლგოგრადისა და როსტოვის ოლქებს დრონებით დაესხნენ თავს და რუსეთის საჰაერო ძალებმა 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
„ღამით, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკა“ რუსეთის სამხრეთის ფედერალურ ოლქში ნავთოპროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის თავზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდეს. უწყების მტკიცებით, კიდევ ოთხი დრონი ჩამოგდებულია ბელგოროდის ოლქში, ერთი კი – როსტოვის.