მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი თებერვლისთვის დასრულდება

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ახალი ელჩის დანიშვნის პროცესი, სავარაუდოდ, 2023 წლის თებერვლისთვის დასრულდება.

“საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი აქტის მომზადების ეტაპზეა, რომლის შედეგებს ჩვენ ყველა ერთად გავიგებთ უკრაინის პრეზიდენტის ღია ბრძანებიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია კალენდარული და ფინანსური წლის დასასრული, რაც უკრაინაში უკიდურესად მძიმე ვითარების პირობებში დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს შესაბამისი ღონისძიებების მოსამზადებლად. ჩვენ ველით, რომ ეს პროცესი დასრულდება 2023 წლის თებერვლის დასაწყისში”, – თქვა კასიანოვმა ბრიფინგზე.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ მზად არიან განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაფერისი იქნება. ასე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

კასიანოვმა უკრაინის საელჩოში დღეს, 6 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინელებისადმი მორალური მხარდაჭერისა და დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, კარგი იქნებოდა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მიენიჭოს თბილისის ქუჩებს.”უკრაინას სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნებს საერთო მტრისგან – რუსეთის ფედერაციისგან“, – თქვა კასიანოვმა საელჩო გამართულ ბრიფინგზე.

უკრაინაში ომს საქართველოს 33 მოქალაქე ემსხვერპლა. 5 დეკემბერს მათ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა “საწყალი ბიჭები” უწოდა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ფრონტზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიჰყავთ. უკრაინაში მებრძოლებმა ამ განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდეს.

მარტის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია. ივნისში კი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button