სასამართლომ „ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე” ბრალდებული ცხრა პირი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა „ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე” ბრალდებული ცხრა პირი. ესენი არიან: ლაშა ფურცხვანიძე, ბექა მურღულიანი, ლაშა ჭირიკაშვილი, დავით თუშიშვილი, ვალერი გობეჯიშვილი, გიორგი ვახტანგაშვილი, დევი კახოიძე, ნუგზარ ქიტიაშვილი და გიორგი გობეჯიშვილი. როგორც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განმარტა, განჩინება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიაში.
პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ცხრავე ბრალდებული დატოვა პატიმრობაში. „ჩვენ ვასაბუთებდით, რომ კვლავ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. შესაბამისად, ეს საფრთხეები იყო მტკიცებულებებით დადასტურებული. არსებობდა შესაბამისი არგუმენტები. ამდენად სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია”, – თქვა პროკურორმა სასამართლო პროცესის შემდეგ.
ბრალდების მხარე ექსპერტიზის დასრულების შემდეგ არ გამორიცხავს ბრალდებულთა წრის გაზრდასა და წარდგენილი ბრალდებების დამძიმებას.
„რაც შეეხება ბრალის დამძიმებას, აქ იგულისხმება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების კვალიფიკაცია. კონკრეტულად დღეის მდგომარეობით ბრალდებულებს წარდგენილი აქვთ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენება და მათ ბრალად არ აქვთ წარდგენილი ეს შემადგენლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. როდესაც დასრულდება ექსპერტიზა, ამით უნდა დადასტურდეს, არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი ყალბი დოკუმენტის შედგენასა და მისი მიღება-ჩაბარების აქტით დამდგარ შედეგთან კავშირი. თუ ასეთი მიზეზობრივი კავშირი დადგინდება, მაშინ ბრალდება დამძიმდება.ექსპერტიზის დასკვნები ჯერ მოსული არ არის”, – თქვა ტყეშელაშვილმა. პროკურორმა დაამატა, რომ ექსპერტიზის მისამართით ახალი კითხვები დაისვა პროექტში [შადრევნის] შეტანილი ცვლილებების შესახებ. მისი განცხადებით, დასკვნების შემდეგ შეიძლება, დამძიმდეს ბრალი და ასევე გამოიკვეთოს სხვა პირების პასუხისმგებლობა.
ერთ-ერთი ბრალდებულის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატი კახა წერეთელი სასამართლო პროცესზე პროკურორის მიერ გამოთქმულ არგუმენტებს არ ეთანხმება. მისი აზრით, არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. „ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი მოვისმინეთ, რომ შესაძლოა, ბრალდება დამძიმდეს ხვალ და ამისათვის პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში დღესო. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი სამართლებრივი არგუმენტი. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, რომელსაც დაევალა პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა და აუცილებელია ამ პირების დადგენა. უბრალოდ მსგავსი კატეგორიის საქმეების სწრაფად გამოძიება და ბრალდებული პირების სწრაფად გამოკვეთა არ ხდება. ამ შემთხვევაში ალბათ ემოცია სჭარბობს სამართლებრივ არგუმენტებს და ეს გასაგებია. ჯერ საქმე უნდა იყოს გამოძიებული, პირები უნდა დადგინდეს და შემდეგ უნდა გადაწყდეს ბრალეულობის საკითხი და კონკრეტული პირების დაპატიმრების საკითხი, – თქვა ადვოკატმა და დაამატა, – არ ვფიქრობ, რომ დასკვნის მომზადება ჭიანურდება, ობიექტურად სჭირდება გარკვეული დრო, უბრალოდ ამ დროის განმავლობაში არ არის აუცილებელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ვიტყვი, რომ ის იყოს პატიმრობაში. სხვა ბრალდებულებზე მათი ადვოკატები იტყვიან”.
„გრინსერვისი+”-ის ყოფილი დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა უპასუხა პროკურორის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა პროექტში შესულ ცვლილებებს.
„ეს კითხვა ხშირად ისმის, მაგრამ მისი წარმომავლობა და საფუძველი არის არასწორი. ამ კითხვის ადრესატი არ შეიძლება იყოს შემსრულებელი კომპანია, რადგან ტენდერზე გამოსული პროექტი უკვე არის შედგენილი, უკვე აქვს გავლილი ექსპერტიზა, დამტკიცებულია, ყველა მისი მხარე მოწესრიგებულია და ისე არის ტენდერზე გამოსული პროექტი. კონკურსში ბევრი სუბიექტი მონაწილეობს და იმარჯვებს ერთი. იმის მერე იწყება შესრულება. ამოსავალი წერტილი, სახელმძღვანელო, შემსრულებლის არის არსებული პროექტი”, – განმარტა მან. ადვოკატმა დაამატა: „ახლა, რომ არის პოზიციები, ჩვენებები, რომ რაღაც გაყალბდა, ვიღაცამ რაღაცას ხელი არ მოაწერა და ა.შ. ამასთან შეხება ვერ ექნებოდა შემსრულებელ კომპანიას და არც უნდა ჰქონოდა”.
გარდა ამისა, ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ ბრალში წარდგენილი არ არის, რომ ობიექტი პროექტის გვერდის ავლით შესრულდა.
რაც შეეხება ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას, არჩილ ჩოფიკაშვილის აზრით, მოსამართლეს დღეს, რომ ეხელმძღვანელა კანონით, ასეთი გადაწყვეტილება, პატიმრობაში დატოვების შესახებ აღარ იქნებოდა მიღებული.
გენერალურმა პროკურატურამ „ვაკის პარკის საქმეზე” დაკავებულ ცხრა პირს ბრალდება 19 ოქტომბერს წარუდგინა.
ბრალდებები მოიცავს სამსახურებრივ გულგრილობას, საწარმოში ჩადენილ გულგრილობას, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების მუხლებს.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი.”
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა