ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება – 2028 წლისთვის მივუახლოვდებით EU-ის წევრობას-ოცნება
წელს საქართველო უკან წავიდა, ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია

ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება – ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუქტურის აყოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს 2028 წლისთვის ასოცირებული შეთანხმების 90% შესრულებული ექნება, რითაც არსებითად მივუახლოვდებით ევროკავშირის წევრობას.
„აქვე მინდა შევეხო ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებულ ტერმინს, ევროინტეგრაციის შეჩერება, გაყინვა თუ სხვა მსგავს ტერმინებს. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფსა და რეკომენდაციები მოგვცა მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა. როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია. ის არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუკი რამე გვასწავლა ჩვენ, ამ მიღწევებმა ამ პროცესში არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუქტურის აყოლა. საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობამ ძალიან გასაგებად გააკეთა არჩევანი ევროინტეგრაციის პროცესზე, ოპოზიციის ისტერიულ პოლიტიკასა და „ქართული ოცნების“ საქმიან, კონსტრუქციულ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარმოებულ პოლიტიკას შორის. ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს ასოცირებული შეთანხმების დიდი ნაწილი და 2028 წლისთვის მის 90%-ს შევასრულებთ, რითაც არსებითად მივუახლოვდებით ევროკავშირის წევრობას. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით გაფართოების დოკუმენტს და დავგეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს ქართველი ფერმერების, მეწარმეების, ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველო ბოლო წელების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკომისიასთან თითოეულ სფეროს ანალიზის პროცესში და მომავალშიც ჩვენ,ზად ვართ ამავე მიზნით აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო EU-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია
ამერიკელი კონგრესმენები: მაიკ ტერნერი და ჯერი კონოლი საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო შესაძლებლობა საქართველოს დაემტკიცებინა, რომ მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული. თუმცა კამპანიის რიტორიკის, მიღებული კანონებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ თავდასხმების გამო, საქართველოს მთავრობამ ეს ვერ დაამტკიცა.
“ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვით, ამომრჩეველთა დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებითა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით.
26 ოქტომბრის არჩევნები წარმოადგენდა საქართველოსთვის ფასდაუდებელ შესაძლებლობას, დაემტკიცებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, NATO-ს და EU-სთვის, რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული.
სამწუხაროდ, კამპანიის რიტორიკით, დასავლეთის დადანაშაულებით რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ, “უცხოური აგენტების” კანონმდებლობის მიღებით სამოქალაქო საზოგადოების აღმოსაფხვრელად და პოლიტიკური ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის არარსებობით, საქართველოს მთავრობამ ეს [რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული] ვერ დაამტკიცა. ეს არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და EU-ში გაწევრიანებისგან.
საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ფართო ზეწოლა, რათა ხმა მიეცათ მოქმედი პარტიისთვის და უარი გამოიძიონ ძალადობრივი თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე, არის ავტორიტარული ქცევა და მკვეთრი გადახვევა აქტიური, მრავალპარტიული განვითარებადი დემოკრატიიდან, რომელიც ოდესღაც განსაზღვრავდა საქართველოს.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩვენ ნათლად უნდა ვთქვათ: შეერთებული შტატები და NATO-ს ყველა ქვეყანა დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით,” – ნათქვამია განცხადებაში.
“ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული, წელს საქართველო უკან წავიდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია”, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი X-ზე წერს, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება.
„მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული. სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს საქართველო უკან წავიდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია. ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება”, – წერს ლიბერგი.
საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს.