სასამართლოსთან გიგი უგულავა დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიტიკოსი გიგი უგულავა . პოლიციის ცნობით, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
იქამდე, გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად გზის სავალი ნაწილის მეორე მხარეს იმყოფებოდა, სადაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება და სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს:
“ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის – მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით”.
შსს-ში აცხადებენ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
შეგახსენებთ რომ დღეს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იმართება.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე – 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
გიგი უგულავას და პოლიციელის დაპირისპირება