საქართველოსიახლეები

სასულიერო პირები ტესტირების ალგორითმში

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ტესტირების ალგორითმში სასულიერო პირების მოხვედრა ეპიდემიოლოგების მიერ რისკების შეფასებას უკავშირდება. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მოხვდნენ სასულიერო პირები რისკ ჯგუფებში და ხომ არ უკავშირდება ეს საეკლესიო დღესასწაულების მოახლოებას, გახარია პასუხობს:

“ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია რისკების შეფასებასთან და რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ახლა შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ”, — განაცხადა მან.

ჯანდაცვის სამინისტრომ და ექსპერტებმა ტესტირების ალგორიმთი შეიმუშავეს, რომელიც 4 ჯგუფის ტესტირებას ითვალისწინებს. ტესტირება ჩაუტარდებათ: მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პირებს სპეციფიური სიმპტომებით, უსიმპტომო პირებს, მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში (მედპერსონალი), ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს და ორგანიზებულ ჯგუფებს.

სწორედ “ორგანიზებულ ჯგუფებში” პროტოკოლში გაწერილი არიან:

საეკლესიო პირები, მონასტრები და სხვა;
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფები;
თავდაცვის ძალები;
სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფები.
პროტოკოლის მიხედვით, ამ ჯგუფში მყოფ უსიმპტომო პირებს უტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე, სწრაფი ტესტით. პარალელურად, შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდებათ ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი. თუ ტესტის შედეგი ანტისხეულებზე დადებითია, იღებენ დამატებით ცხვირ-ხახის ნაცხს ანტიგენისა და PCR კვლევისთვის. უარყოფითი პასუხისას კი, განმეორებითი ტესტირება სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button