რეგიონისაქართველოსიახლეები

“შეწყვიტეთ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა”

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეიშენალი“ (Amnesty International) სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტონ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა და დახურონ სისხლის სამართლის საქმეები თამარა მეარაყიშვილისა და ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტია, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენჯერმე წაუყენა და მოუხსნა ბრალდებები. 2017 წლიდან დღემდე, მეარაყიშვილს თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული აქვს და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფება.

ირინა ქელეხსაევა „ეხო კავკაზას“ (რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პლატფორმა) ფრილანსერი და უნივერსიტეტის ლექტორია და მას სწორედ „ეხო კავკაზაში“ გამოქვეყნებული მასალის გამო ედავებიან. ამჟამად დე ფაქტო სასამართლოში განიხილება „ცილისწამების საქმე“ ჟურნლისტ ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ.

8 აპრილს გავრცელებული განცხადებით, „ამნესტი ინთერნეიშენალი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ყველანაირი „კრიმინალური“ გამოძიება მათ წინააღმდეგ. ამასთან:

„დე ფაქტო ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ამ თუ სხვა კრიტიკოსების მიმართ შურისძიების მიზნით ზომების გამოყენებისაგან და უზრუნველყოს, რომ სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ნებისმიერმა პირმა ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლების უფლებით, შევიწროების, დაშინების, პირადი თავისუფლების დაკარგვის რისკისა და რეპრესიების შიშის გარეშე“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„ამნესტი ინთერნეიშენალი“ ასევე წერს, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც რეგიონში ფაქტობრივი კონტროლის მქონე სახელმწიფომ, და დე ფაქტო ხელისუფლებამ სრულად უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუშვან საერთაშორისო მონიტორები.

მსგავსი პოსტები

Back to top button