მნიშვნელოვანისიახლეები

სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება

დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებისა ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება – სანქციის სახედ 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა შემოდის.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ამასთან, იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლისთვისაც სანქციის ოდენობა იქნება 1 000 ლარი. გარდა ამისა, აღნიშნული ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო განმეორება, რომელიც ითვალისწინებდა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდას, აღარ იქნება გათვალისწინებული და აღნიშნულისთვისაც სანქცია 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნება.

სანქცია წესდება მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. 250 ლარიდან 300 ლარამდე იზრდება ჯარიმა არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე წარედგინება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე წარედგინება.

ცვლილებების მიხედვით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

პროექტის გათვალისწინებით, იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, რაც პირის 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.

იზრდება სანქცია 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის. კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.

გარდა ამისა, დასჯადი ხდება ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება – ე.წ. დრიფტი. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.

ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

შესაბამისი ცვლილება შს სამინისტროს ინიციატივით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ხორციელდება, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის დონის შემოწმების წესი კი – შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

ამავე პროექტით, იზრდება სანქცია სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან ხმოვანი სიგნალის, ასევე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა.
აღნიშნული ცვლილებების ინიციატორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროექტის ინიცირება, 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button