მნიშვნელოვანისიახლეები

სავალდებულო სამხედრო სამსახურში მართლმადიდებლური სასულიერო პირების გარდა ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაიწვევენ-პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ დაამტკიცა

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი“ დაამტკიცა. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი 80 ხმით მიიღეს. ახალი დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ყველა მიმართულებას ეხება.

დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც წვევამდელებს სავალდებულო 6,8 და 11-თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. მათი გადამზადება თავდაცვის სამინისტროში მოხდება.

ამავე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მართლმადიდებლური სასულიერო პირების გარდა ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაიწვევენ. მათ შორის, გაწვევისგან თავის არიდება არ შეეძლებათ “გირჩის” მიერ დაარსებული “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობის მფლობელებსაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი კი 5 ათასი ლარი იქნება.
„თავდაცვის კოდექსი“, თანმდევი კანონპროექტებით, ახლებურად აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, „თავდაცვის კოდექსი“ აუცილებელია იმ მიზნების მიღწევისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას, სამხედროებისათვის სოციალური გარანტიების დაწესებას. მისივე თქმით, რეფორმებით, რასაც “თავდაცვის კოდექსი“ მოიცავს, მნიშვნელოვნად გაიზრდება მომზადებული, ნატო-ს სტანდარტებით გაწვრთნილი რეზერვი.
12 აპრილს წამყვანმა კომიტეტმა კანონპროექტში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება.

კომიტეტმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტიდან ამოიღო ნორმა, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მოსაკრებელი 10 000 ლარს (ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის) შეადგენდა.

გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება “არაკეთილსინდისიერი ფიქტიური “რელიგიური ორგანიზაციების” შესაძლებლობა” დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას.

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში 28 დეკემბერს წარადგინეს.

კანონპროექტი მმართველმა პარტიამ პარლამენტში 2022 წლის დეკემბერში დააინიცირა. ინიციატივამ უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში. კანონის საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქციებიც იმართებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button