სავაჭრო ობიექტების მფლობელთა თვითნებობა თელავში და დაზარალებული მძღოლები

თელავში სავაჭრო ობიექტების მფლობელები მუნიციპალურ ქუჩებს თვითნებურად ეპატრონებიან.ისინი ავტოსადგურის ეზოში ავტომანქანებს მაღაზიების წინ პარკინგს უკრძალავენ.
ავტოსადგურის ტერიტორია თელავის ერთ- ერთი ცენტრალური ადგილია, სადაც ათობით მაღაზიაა აშენებული და ამავდროულად, სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი იყრის თავს.
ავტოსადგურში შემავალი გზის მარჯვენა მხარეს გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშანია განთავსებული, მარცხენა მხარეს კი, სავაჭრო ობიექტების მფლობელებს, სხვადასხვაგვარი ბარიერები აქვთ მოწყობილი.
ამის გამო,საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საპარკინგე წესების დარღვევისათვის უკვე ასობით მძღოლი დააჯარიმეს.
” მაღაზიების წინ მუდმივად დგას რაღაც ბარიერები, რაც გაჩერების საშუალებას არ გვაძლევს. გვჭირდება პარკინგი და მფლობელები არ გვიშვებენ, ტვირთი უნდა გადმოვზიდოთო. გავჩერდი მეორე მხარეს, მოვიდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ჯარიმა დამიწერეს”- თქვა რადიო ჰერეთთან, ერთ- ერთი ავტომობილის მფლობელმა, იზა წულუკიძემ.
ზაურ დურგლიშვილი, რომელიც ავტოსადგურის ტერიტორიაზე დიდი ხანია სხვადასხვა წვრილმანით ვაჭრობს, ამბობს, რომ მაღაზიების მფლობელებსა და მძღოლებს შორის შეხლა- შემოხლის ხშირი მომსწრეა.
” ძალიან ხშირად არის ჩხუბი და ყვირილი, რომ მანქანებს გაჩერებას უშლიან. ხან ტვირთის შეტანას იდებენ მიზეზად, ხან იძახიან, რომ ტერიტორია მათი კუთვნილებაა”- თქვა დურგლიშვილმა.
ერთ- ერთი სავაჭრო ობიექტის მეპატრონე, ვანო კაკაბლიშვილი ამბობს, რომ ტერიტორია მაღაზიის წინ, მისი საკუთრებაა, თუმცა კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი ხელთ არ აქვს.
” ეს ტერიტორია ჩემია და მჭირდება, რომ მაღაზიაში ტვირთი შევიტანო. როცა ამის საჭიროება არ არის, შემოგიშვებთ. მე რომ თქვენს ეზოში მოვიდე, თუ სურვილი გექნებათ, მომიშვებთ, თუ არა, ძალით ხომ არ შემოგივარდებით”- ამბობს კაკაბლიშვილი.
ვის ეკუთვნის ტერიტორია და თვითნებობენ თუ არა, სავაჭრო ობიექტების მფლობელები, რადიო ჰერეთმა, კითხვით თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.
მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, მაღაზიები მძღოლების უფლებებსა და მუნიციპალურ ქუჩაზე მოძრაობის წესებს არღვევენ.
” ეს ადგილი არის მუნიციპალური ქუჩა. სავჭრო ობიექტებს ეკუთვნით მცირე მანძილი, დაახლოებით 60 სანტიმეტრი. მარჯვენა მხარეს, ჩვენ განთავსებული გვაქვს ამკრძალავი ნიშანი, მარცხნივ კი ავტომანქანებს ჩვეულებრივად შეუძლიათ გაჩერება. თუ რომელიმე მაღაზიის მფლობელი არღვევს კანონს, ავტომანქანის მფლობელს შეუძლია იქვე გამოიძახოს საპატრულო პოლიცია, ან მოგვმართოს ჩვენ”-განაცხადა ქსოვრელიშვილმა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მძღოლების მიერ, მაღაზიების მფლობელებისგან დაწესებული თვითნებური შეზღუდვების გამო, საპატრულო პოლიციის გამოძახების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული.
ავტორი,
ხათუნა გულიაშვილი