სებასტიან მოლინეუსი “მწვანე პასპორტებს” მხარს უჭერს

კავკასიაში “მსოფლიო ბანკის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სებასტიან მოლინეუსი „მწვანე პასპორტების“ კონცეფციას მხარს უჭირს და აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვაქცინაციის წახალისებისთვის.
მისივე განცხადებით, ვაქცინაციის დაჩქარებისთვის საჭიროა, ყველა მხარემ ერთობლივად იმუშაოს.
„გვჯერა, რომ ზომები, რომლებიც ბოლო პერიოდში დაანონსდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, ადეკვატური და შესაბამისია. „მწვანე პასპორტების“ დიდი მხარდამჭერი ვარ. ვფიქრობ, ეს მოტივატორი იქნება განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომ აიცრან, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა წავიდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ფიტნეს კლუბებში, ბარებში და ა.შ. ასევე მომხრე ვარ ასაკოვანი ხალხის ფინანსური წახალისების, რამდენადაც 70 წელს გადაცილებული პირების წილი აცრებში განსაკუთრებულად მცირეა. ვფიქრობ, ამ თემაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ: ხელისუფლებამ, საჯარო სექტორმა, თავად მოქალაქეებმა, რათა ყველა აიცრას. ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია. დროა, მოქალაქეებმა პირადი პასუხისმგებლობა აიღონ და აიცრან“,- აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.