სემეკის წევრი: დავების 90 პროცენტი მოქალაქეების სასარგებლოდ წყდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფანგანის განცხადებით, ენერგეტიკის დარგში მომუშავე კომპანიებსა და მოქალაქეებს შორის მიმდინარე დავების 90 პროცენტი, სემეკში აბონენტთა სასარგებლოდ წყდება. როგორც გიორგი ფანგანმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ აღნიშნა, დავების უმეტესი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, კომპანიები მეტი სოციალური პასუხისმგებლობით რომ ეკიდებოდნენ მოქალაქეთა საჩივრებს.
,,დაახლოებით, 90 პროცენტი 10-ის წინააღმდეგ არის მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვეტილი დავები. უმეტესი დავების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, კომპანიები მეტი სოციალური პასუხისმგებლობით რომ ეკიდებოდნენ საკითხს“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა და აღნიშნა, რომ ხანდაზმული დავალიანების გამო, კომპანიები მოქალაქეებთან დავაში არც უნდა შედიოდნენ.
გიორგი ფანგანის თქმით, სემეკის მმთავარი მიზანი ისეთი რეგულაციების შექმნაა, რომ მოქალაქეები კომპანიებთან ურთიერთობის საწყის ეტაპზევე იყვნენ დაცულები.
მოისმინეთ გიორგი ფანგანის ხმა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს სემეკში შესული საჩივრების განხილვის შედეგად, ჯამში ოთხი მილიონ ხუთასი ათასამდე ლარი ჩამოეწერათ აბონენტებს.