სემეკმა “სოკარ ჯორჯია გაზი” დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს “სოკარ ჯორჯია გაზი” 5 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც სემეკ-ში განაცხადეს, დაჯარიმების საფუძველი “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით” გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობაა.

კერძოდ, მოქალაქემ მიმართა შპს “სოკარ ჯორჯია გაზს” აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით. საპასუხოდ, კომპანიამ მოითხოვა ბინის ძველი მესაკუთრის დავალიანების გადახდა და ამ მოთხოვნის შესრულებამდე უარი განაცხადა ახალი მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაციაზე.

ასევე, კომპანიამ უარი განაცხადა მოქალაქის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით კომისიის აპარატის წერილობით მოთხოვნაზეც.

სემეკის ცნობით, “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა დაარეგისტრიროს საცალო მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ბუნებრივი გაზის მომარაგება, რაც შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ არ იქნა შესრულებული. ამ თემაზე სოკარში განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button