მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული კანონის მიღების შეთხვევაში ოცნება საერთაშორისო აქტორებისგან სანქციებს არ ელოდება

სანქციები ნელ-ნელა უახლოვდება „ქართული ოცნების“ ელიტას-ოპოზიცია

არ ველოდები არანაირ სანქციას, რადგან შეუძლებელია სანქცია იმ ქვეყნიდან, რომელშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს ამ მიმართულებით. თუ ეს მართლა განიხილა ვიღაცამ, იქნება წარმოუდგენელი უსამართლობა, იმ ქვეყანამ, სადაც ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცრი კანონია, იმავე რამისთვის სხვას სანქცია დაუწესოს, წარმოუდგენელია, ეს ვინმემ დაუშვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის ისმენს საერთაშორისო აქტორებისგან კრიტიკას, თუმცა მათ შეფასებებში აღარ არის გამოყენებული სიტყვა – რუსული.

„წარმოუდგენელია, ვინმემ იფიქროს, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, თუ პატარა ქვეყანამაც გააკეთა, ჩვენ ამისთვის სანქცია უნდა დავუწესოთო. ამ თემაზე ვისმენთ მწვავე კრიტიკას ჩვენი მეგობარი ქვეყნების ცალკეული წარმომადგენლებისგან. ერთადერთი განსხვავება შარშანდელთან შედარებით არის ის, რომ აღარ ეძახიან რუსულს, რადგან ყველა მიხვდა, რომ ეს არის საუკუნის აფერა. ამის შედარება რუსულთან არის თაღლითობა. ჩვენი პარტნიორებიც დარწმუნდნენ, რომ არ უნდა დაუძახონ რუსული. სიტყვა რუსული გაქრა, მაგრამ ვისმენთ მწვავე კრიტიკას, რაც წარმოუდგენელი უსამართლობაა, ისევე როგორც თავის დროზე უსამართლობა იყო კანდიდატის სტატუსის არმოცემა. როგორც ჩანს, ამ ქვეყნისთვის მარტივად არაფერი იქნება, არც დამოუკიდებლობის, არც სუვერენიტეტის ხარისხის გაძლიერება, ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ. მწვავე დისკუსიებით უნდა მოვიპოვოთ, რაც გვეკუთვნის. დიდ ქვეყნებს თუ გააჩნიათ ანალოგიური კანონები, ჩვენც შეგვიძლია, ასეთი კანონი მივიღოთ. უსამართლობაა, გააკრიტიკო პატარა ქვეყანა იმისთვის, რაც შენს ქვეყანაში მისაღები და აუცილებელიც კი არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება, რომელიც “რუსულ კანონსა” და შესაძლო სანქციებს შეეხებოდა.

ზარქუა მილერისგან მტკიცებულებებს მოითხოვს:

“ჩვენი ქვეყნის ინტერესებს რომ ვიცავ, თუ მე დამასანქცირებენ ჩვენი პარტნიორები, ნუ, პრინციპში არც მიკვირს, ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირეს. იმაზე, რაზეც არგუმენტი დღემდე არ არსებობს. ბატონ მეთიუ მილერს მივმართავ, დასანქცირებულია ჩვენი მოსამართლეები, უსაფუძვლოდ, არგუმენტების გარეშე, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შესაძლებლობა , გადმოგვიგზავნოთ არგუმენტები. იქნებ მართლები ხართ. თქვენ უსამართლოდ იქცევით და ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს არ არის პარტნიორული მიდგომა. ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრების, მეგობრები კი ასე არ იქცევიან,” – ამბობს ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე მორიგი განცხადება გუშინ, 8 აპრილს, გააკეთა. მეთიუ მილერმა თქვა, რომ ეს უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, ასევე, პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა კანონის მიღება სანქციებს, მილერმა უპასუხა, რომ ეს ჯერ კანონპროექტია და ამ ეტაპზე სათქმელი არაფერი. თუმცა მანვე აღნიშნა: “თუ მას მიიღებენ, დაგვაკვირდით”.
გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საერთაშორისო გამოხმაურებები გრძელდება – განცხადება გაავრცელა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა. კრამონი წერს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას ცალსახად უნდა განუმარტოს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპული მომავლის კარს მიზანმიმართულად ხურავს.

შეფასება კიდევ ერთხელ გაკეთდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც – შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს თუ მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს” .

“ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული. თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ის უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან.

ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, ჯერ არ მიუღიათ. ასე რომ, ნებისმიერი პოტენციური შედეგისადმი პატივისცემის გამო, დღეს არ ვაპირებ ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის განხილვას, რომელიც შეიძლება, გადავდგათ,” – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.

რუსული კანონის მისაღებად კი ქართული ოცნება აქტიურ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს სოციალური ქსელებში. შეცდომაში შემყვანი ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად არიან ჩართული რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები და მუნიციპალური ააიპების თანამშრომლები. მათ შორის, რუსული კანონის პროპაგანდისტულ მხარდაჭერას აქტიურად ცდილობენ იმ რეგიონშიც, რომლის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული.

“ჯერ ერთი, არ ვთვლი, რომ რუსული კანონია. მერე მეორე, გამჭვირვალეობა ყველასთვის საჭიროა. თანხა რაც იხარჯება, რაც შემოდის, ეს ხომ უნდა იყოს დეკლარირებული?!… ვიზიარებ ამ კანონის ინიცირებას და მიღებას” – ლევან ხარაბაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი.

“სიცრუის ტირაჟირებაში” მედიას ადანაშაულებს გიორგი სოსიაშვილი, გორი-კასპის მაჟორიტარი:

“ქართული ოცნების წარმომადგენელი ვარ, პარლამენტის წევრი ვარ და აბა მთავარი არხის სიცრუეს ხო არ გავაზიარებ?! – ამბობს სოსიაშვილი სოციალურ ქსელში იმ “ქარდების” გავრცელებაზე, რომელიც “მეტამ” დეზინფორმაციად მონიშნა.

სიფრთხილეს თავი არ სტკივა – ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე რუსულ კანონთან დაკავშირებით, და ევროპისა და დასავლეთის მეგობრობაში ეჭვი შეაქვს. კითხვაზე ვინ არის მტერი, ასე პასუხობს: “მტერი არის ვინც საქართველოს ცუდს გაუკეთებს”, ხოლო შეკითხვაზე, არის თუ არა ჩვენი მეგობარი აშშ და ევროკავშირი, რაზმაძეს ასეთი პასუხი აქვს: – “არის მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებენ ჩვენთან ურთიერთობაში”.

ხალხის ძალის დეპუტატი, ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსული კანონის მიღების შეთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანქცირებას ადგილი არ ექნება.

სეფაშვილის სიტყვებით, აშშ-ს ახლანდელ ელჩთან, რობინ დანიგანთან ახლა “გაცილებით სხვა დონის დამოკიდებულება” აქვთ.

“თუ გვემუქრებიან, ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება. ამას მე ვერ დავარქმევდი პარტნიორულ დამოკიდებულებას, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ დასანქცირებას ადგილი არ ექნება. ახლანდელ ელჩთან ჩვენ გვაქვს გაცილებით სხვა დონის დამოკიდებულება, გაცილებით უფრო დიდ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული. ჩვენ ახლანდელი ელჩის მხრიდან არ მოგვისმენია მსგავსი ტიპის ისეთი განცხადებები, რომელიც პირდაპირ წყალს ასხამდა რადიკალების წისქვილს”, – ამბობს სეფაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა რუსული კანონის მიღება აშშ-ს მხრიდან სანქციების დაწესებას, მეთიუ მილერმა ასე უპასუხა:

“ახლა ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით, რაც შეეხება იმას თუ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, თუ მას მიიღებენ, დაგვაკვირდით… დღეს სათქმელი არაფერი მაქვს”.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად იხარჯება არასამთავრობო ორგანიზაციების ფული, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც მედიაორგანიზაციები, საკმაოდ აქტიურად არიან წარმოდგენილები ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფაქტობრივად, პარალელური ხელისუფლებაა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რომელი დონორი აფინანსებს და რა მიმართულებით იხარჯება ეს თანხა.

„ისტერია, რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მათი დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს, ვფიქრობ, მათ დონორებსაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. იმას თუ დავუშვებთ, რომ დონორები არიან დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები, მათ ქვეყანაში გამჭვირვალობა საკმაოდ მაღალ დონეზეა, ისინიც იღებენ შესაბამის კანონპროექტს და უხერხულია მათთვის იმის თქმა, თქვენს ქვეყანაში არის გამჭვირვალობა და ჩვენს ქვეყანაში, მოდი, არ იყოს. კანონპროექტის განხილვა თითქმის დაწყებულია, თუმცა შინაარსში შემოსვლა არავის უნდა, რადგან შინაარსთან დაკავშირებით ვერავითარი არგუმენტი ვერ მოიძიეს. ერთადერთი, რაც გააკეთეს, ეს არის ქართულად განთავსებული „ქარდების” დაბლოკვა, რადგან ინგლისურად შინაარსი „ფეისბუქის” სათავო ოფისისთვის გასაგები იყო და არ დაბლოკეს. მათი მოწოდებები არის მხოლოდ ის, რომ არ შევიდნენ შინაარსობრივ განხილვაში და რომ „ეს კანონი არის ცალსახად რუსული”. თუმცა, როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა რუსული იყოს, როდესაც გამჭვირვალობა არის წმინდად ევროპული და დასავლური ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ღირებულება? პარტნიორული დამოკიდებულება არ არის, თუ გვემუქრებიან; ამას მე პარტნიორულ დამოკიდებულებას ვერ დავარქმევდი, თუმცა დარწმუნებული ვარ, დასანქცირებას ადგილი არ ექნება“, – განაცხადა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პირდაპირ განაცხადა, რომ მსოფლიოს ორი დიდი გამოწვევა აქვს: დემოკრატიებში უცხო ძალების ჩარევა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

„ეს არის საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი ერთ-ერთი გამოწვევა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პირდაპირ განაცხადა, რომ ორი დიდი გამოწვევა აქვს მსოფლიოს: ერთი ეს არის დემოკრატიებში უცხო ძალების ჩარევა; და მეორე – დეზინფორმაციასთან ბრძოლა. ეს გლობალური გამოწვევები საქართველოსაც ეხება და მსოფლიოს დიდი ქვეყნები თუ ამ გამოწვევებს ებრძვიან, საქართველო, მით უმეტეს, უნდა შეებრძოლოს, რადგან ჩვენ, ეკონომიკური, პოლიტიკური და გავლენების თვალსაზრისით, შედარებით პატარა ქვეყანა ვართ და ეს გამოწვევები ჩვენთვის ორმაგად და სამმაგად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სეფაშვილმა.

პარტია “ხალხის ძალის“ გენერალურ მდივანს დიმიტრი ხუნდაძეს სურს მოისმინოს საქართველოში საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩების პოზიცია გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩები, შარშან აპროტესტებდნენ “გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს, არადა მათთან უკვე ხდება ანალოგიური, თუმცა ბევრად უფრო მკაცრი კანონების მიღება.

“მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ქვედა პალატამ, დიდი უპირატესობით მხარი დაუჭირა “გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს, მაინტერესებს რას იტყვიან საქართველოში საფრანგეთის და ევროკავშირის ელჩები, რომლებიც ერთი წლის წინ ჩვენს კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

პროტესტის გამოხატვიდან ერთ თვეში EPP -ი, ყველაზე დიდი პარტია შევიდა ინიციატივით ევროპარლამენტში, რომ მიეღოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

EPP -ი მაშინ ამბობდა: “არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველდღიურად ახორციელებენ გამორჩეულ სამუშაოს, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც სხვა საჯარო საქმიანობაში, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარად იყენებენ მოსყიდვის, არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. საქმემ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება კონტროლის გაძლიერება და ხარვეზების აღმოფხვრა. ჩვენ უნდა დავადგინოთ წესები, რომელიც გაართულებს არაგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინსტიტუტების მოტყუებას და აღადგენს ხალხის ნდობას. საჭიროა შეიქმნას უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონი“.

როცა ევროკავშირის ელჩი ჩვენს კანონს აპროტესტებდა, საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომელშიც არის ჩანაწერი: “უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც აღრიცხული იქნება ყველა უცხოური დაფინანსება. ამ ფონდებმა, არასამთავრობოებმა და ასე შემდეგ ყოველი წლის ბოლოს უნდა წარადგინონ ანგარიში ეროვნულ ასამბლეაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან კანონით. ასევე ანგარიში უნდა წარადგინოს სპეციალურმა კომისიამ, თუ რა პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა მოუტანა უცხოურმა ფულმა ქვეყანას. საფრანგეთის სახელმწიფო იტოვებს უფლებას, რომ გაყინოს ყველა უცხოური ფონდიდან შემოსული თანხა, თუ მას აქვს ეჭვი ამ ფონდების ვერაგი გამოყენების შესახებ.“ ეს ყველაფერი წერია საფრანგეთში უკვე ინიციირებულ კანონპროექტში და საინტერესოა, ახლა რას იტყვიან ელჩები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მმართველი გუნდისთვის გაურკვეველია, რა აქვს დასამალი ოპოზიციასა და მესამე სექტორს და რატომ ეწინააღმდეგებიან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, თუ კი ყველაფერს გამჭვირვალედ აკეთებენ.

მთავრობის ოპონენტების პროტესტს, “ქართული ოცნება” შავი ფულისთვის ბრძოლას უწოდებს და თვლის, რომ ოპოზიციის პროტესტის მიზანი არასამთავრობო სექტორში, გაუმჭვირვალე თანხების შენარჩუნებაა.

გახარიას პარტიის მიერ დაინიცირებულ კანონთან დაკავშირებით კი მმართველი პარტია ამბობს, რომ ამ გზით ცდილობენ ოპოზიციას და მასთან კავშირში მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებს ე.წ. შავი ფულის დაფარვაში დაეხმარონ.

„გარკვეულ დესტაბილიზაციას გულისხმობენ, როდესაც ეს რუსული თემა შემოაქვთ აბსოლუტურად პროევროპული კანონპროექტის დახასიათებისათვის. ვიფიქრე, რომ მაინც დონორ ორგანიზაციებს და ცალკეულ ქვეყნებს პირიქით -ექნებოდათ მოწოდება არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, რომ ქართულ საზოგადოებას აცნობონ რა თანხები რაში და რა პროექტებში იხარჯება,“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი

სანქციები ნელ-ნელა უახლოვდება „ქართული ოცნების“ ელიტას. ვნახავთ, „აგენტების კანონის“ მიღების შემთხვევაში, როგორი რეაგირება ექნება არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” არ აპირებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს პროცესი აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ გაიყინება.

„აგენტების კანონის მიღება; 9 რეკომენდაციის არშესრულება, ყველა კანონპროექტი, რომელიც მიღებულია, ცესკოთი დაწყებული, დამთავრებული ქალთა კვოტებით – ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს პროცესი გაიყინება ამ კანონის მიღების შემდეგ და ბიძინა ივანიშვილი სანქციებს ვერ გადაურჩება. როდესაც სანქციებზე ვსაუბრობდით, არავის ეგონა, რომ შეიძლებოდა „ქართული ოცნების“ მოსამართლეები დასანქცირებულიყვნენ. ასევე, ნუ ექნება “ქართულ ოცნებას” იმის რწმენა, რომ როდესაც დაადგება რუსულ გზას და ქვეყნის ევროპისკენ სვლას შეაფერხებს, ეს გაუვა“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” არის მატყუარა, “ევროპაში მსგავსი კანონი არ მიიღებოდა და არც მიიღება”.

„ქართული ოცნება” არის მატყუარა. სიცრუე, ორპირობა, დეზინფორმაცია, დემაგოგია – ეს “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული იარაღია. არსად, ევროპაში მსგავსი კანონი არ მიიღებოდა და არც მიიღება. ევროპაში მისაღები კანონი არ ეხება ევროკავშირის ქვეყნებს და ამ ქვეყნებიდან გამოყოფილ ფონდებს. ეს კანონები მიმართულია რუსეთისა და ავტორიტარული ქვეყნების წინააღმდეგ. ისევე როგორც ამერიკის კანონმდებლობაში არის ისეთი მუხლები, რომლებიც არაა მიმართული მეგობარი სახელმწიფოებისკენ. ეს კანონი არის რუსული კანონის კოპირება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ეს კანონი მიმართულია პარტნიორების წინააღმდეგ, სამოქალაქო სექტორის, დამოუკიდებელი აზრის ჩახშობის მიმართულებით და არა საქართველოს განვითარებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს კანონი რუსულია შინაარსითაც, თავითაც და ბოლოთიც და ამას ამბობს მთელი მსოფლიო.

„ძალიან კონკრეტულია საკითხი – ევროკავშირი თუ გვინდა, ამ კანონის ადგილი საქართველოში არ უნდა იყოს. საქართველო რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, აუცილებელია, რომ არათუ ასეთი კანონები არ მიიღოს, არამედ მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც დაგვაახლოებს ევროკავშირთან. ამაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ბრიუსელმა, აბსოლუტურად ყველამ. ერთადერთი ვისაც უნდა რომ ქართველი ხალხი მოატყუოს, არის ივანიშვილის პარტია. მათ უნდათ, რომ ის ნაძარცვი, რაც აქვთ, რამენაირად შეინარჩუნონ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. დღეს 9 აპრილია, 9 აპრილი არის გამარჯვების დღე რუსულ იმპერიაზე. ახლა ჩვენ გავიმარჯვებთ ივანიშვილზე, ყველანი ერთად. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, ერთიანობის იქით გზა არ არსებობს. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ. ფრანგიც, გერმანელიც, ამერიკელიც, ბრიტანელიც ამბობს, რომ ეს არ არის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირს უნდა ჰქონდეს. ყველგან მსგავსი ტიპის კანონი, თუ სადმე არსებობს, მიმართულია მტრების წინააღმდეგ და არა მეგობრების წინააღმდეგ. აქ უნდათ, რომ მიმართონ მეგობრების წინააღმდეგ, ისევე, როგორც ეს გააკეთა პუტინმა. ეს კანონი მიმართულია პარტნიორების წინააღმდეგ, სამოქალაქო სექტორის, დამოუკიდებელი აზრის ჩახშობის მიმართულებით და არა საქართველოს განვითარებისთვის. როცა ევროპარლამენტარები, ევროპელი ლიდერები, სახელმწიფო დეპარტამენტი, ყველა გეუბნება, რომ ამ კანონით საქართველოს ადგილი ვერ იქნება ევროკავშირში, ახლა სისულელეების გამეორება უარესია ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ქართული ოცნების“ მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზისთვის დაბრკოლების შექმნაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ამას ადასტურებს საერთაშორისო გამოხმაურებები.

„მთავარი უცხო ძალის წარმომადგენელი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია. „ოცნებას“ ნამდვილად გამჭვირვალობა რომ აინტერესებდეს, მაშინ გამჭვირვალობას დაიწყებდა საკუთარი რიგებიდან, თავმჯდომარით და საპატიო თავმჯდომარით, „ქართული ოცნების“ მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზისთვის დაბრკოლების შექმნაა. ამას ადასტურებს ნატო-ს გენერალური მდივნის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებები, ევროკავშირის განცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ დაგველოდეთ, ეს არის ქმედება, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება რეაქცია. რეაქცია ნიშნავს არა საქართველოს დასანქცირებას, არამედ „ქართული ოცნების“ კონკრეტული ჩინოვნიკების დასანქცირების შესაძლებლობას, რომელთაც საქართველოს დაბრკოლება შეუქმნეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ჩემი სახელით მარტივი შეთავაზება შემიძლია, გავაკეთო. თუ ჩაწერენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებსა და ევროკავშირზე არ ვრცელდება, მაშინ შეიძლება ამ კანონპროექტის განხილვა. სხვა შემთხვევაში, ამ კანონის განხილვა ნიშნავს ილია ჭავჭავაძის ცნობილ ფრაზას: „მტრის ვერ ცნობას და მოყმის გმობას“. ეს არის „მტრის ვერ ცნობის და მოყვრის გმობის“ კანონპროექტი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button