მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

The Killers-ის სოლისტმა Black Sea Arena-ს სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა და კომპოზიცია ერთად შეასრულეს

15 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე, The Killers-ის კონცერტის მიმდინარეობისას, სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, იყო თუ არა დარბაზში ისეთი მსმენელი, რომელმაც დრამზე დაკვრა იცოდა. შერჩეულ მსმენელს მან ეროვნება ჰკითხა, შემდეგ კი დარბაზს მიმართა, იყო თუ არა მისაღები მათთვის რუსი დრამერი. დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა კომპოზიცია რუს დრამერთან ერთად შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, “რუსეთი ოკუპანტია”. თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს, ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის “დები და ძმები” არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.

საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული კონცერტი “ბლექ სი არენაზე” მსმენელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ბლექ სი არენაზე კონცერტის შემდეგ, The Killers-ი განცხადებას ავრცელებს და მსმენელს ბოდიშს უხდის.

ბენდში ამბობენ, რომ “ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ აუდიტორიიდან სცენაზე აყვანილი ადამიანი მისაღები იყო”. ისინი განმარტავენ, რომ მათი კომენტარი “შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული”.

“ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია დრამებზე დასაკვრელად ხალხის დაპატიჟების და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ დღეს სცენაზე აუდიტორიიდან ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომლის მიზანიც იყო ეთქვა, რომ The Killers-ის აუდიტორია და ფანები “ძმები და დები არიან”, შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს გიხდით. თქვენთან ერთად ვართ და იმედი გვაქვს, რომ მალე დავბრუნდებით”, – აღნიშნულია ბენდის განცხადებაში.

აღნიშნულ ინციდენტს საერთაშორისო პრესაში გამოხმაურებები მოჰყვა:

“ამერიკული ჯგუფი The Killers ბოდიშს იხდის საქართველოში რუსი ფანის სცენაზე აყვანის გამო” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Reuters და წერს, რომ ჯგუფმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც სცენაზე სოლისტმა რუსი დრამერი აიყვანა და მსმენელებს უთხრა, რომ ერთმანეთის “ძმები და დები” არიან.

“საქართველოს დაძაბულობის ხანგრძლივი ისტორია აქვს ჩრდილოელ მეზობელთან, რაც უფრო გამწვავდა მოსკოვის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრითა და შემდგომში რუსი ემიგრანტების დიდი ნაკადით, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ,” – წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოებრივი აზრი უმეტესწილად პროუკრაინულია.

მსგავსი სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-იც და აღნიშნავს, რომ საქართველოს, რომელმაც რუსეთისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, მეზობელთან “დაძაბულობის გრძელი ისტორია” აქვს.

“რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებულია ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს ნაწილი. დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც შარშან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსების ემიგრაცია მოხდა,” – წერს ბრიტანული გამოცემა და ისიც აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე ქართული საზოგადოებრივი აზრი პროუკრაინულია.

“ყვირილი და გასვლა [დარბაზის დატოვება] მას შემდეგ, რაც The Killers-მა ქართულ აუდიტორიას უთხრა, რომ რუსი მათი “ძმაა” – Black Sea Arena-ზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება The Guardian-იც.

“რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას 2008 წლის შეჭრის შემდეგ. 2020 წლისა და რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსების შემოდინება დაიწყო საქართველოში, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა,” – წერს გამოცემა და იმასაც აღნიშნავს, რომ საპასუხო რეაქცია გვქონდა საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” ბათუმის პორტში შემოსვლაზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და რუსეთის მიერ 2008 წელს ქვეყანაში შემოჭრას იხსენებს The Independent-იც. ონლაინგაზეთი აღნიშნავს იმასაც, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და რუსების საქართველოში შემოდინების შემდეგ დაძაბულობა გამწვავდა.

“The Killers ბოდიშს იხდის მას შემდეგ, რაც საქართველოში ბრენდონ ფლაუერსმა კონცერტზე შეკრებილ ხალხს უთხრა, რომ რუსი ფანი “ძმაა” – წერს Sky News და Black Sea Arena-ს სცენაზე მომხდარს ისიც ეხმაურება.

“საქართველომ საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის აპრილში მოიპოვა, 2008 წლის აგვისტოში კი ქვეყანაში რუსეთის ჯარები შეიჭრნენ, რის შედეგადაც მოსკოვმა კონტროლი დაამყარა ორ რეგიონზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე,” – ვკითხულობთ Sky News-ზე.

მომხდარს სხვა გამოცემებიც გამოეხმაურნენ.

LOUDspeakers-ი, ქართული მუსიკალური ბენდი, რომელიც დღეს “ბლექ სი არენაზე” The Killers-ის შოუმდე უკრავდა, ფეისბუკზე ეხმიანება სცენაზე რუსი დრამერის აყვანის ფაქტს. ბენდის წევრების თქმით, ისინი გაბრაზებული და იმედგაცრუებული არიან.

“ქილერსის warm up-ზე დაკვრა საამაყო გვეგონა, მაგრამ რუსის დრამზე აყვანით და მცდელობით, რომ რუსები და ქართველები ჩაეხუტებინათ, ძალიან იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ.
უნდა იცოდე სად ჩადიხარ!
რუსეთი მტერი და ოკუპანტია!!!” – წერს ბენდი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
დღეს, 15 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტზე The Killers-ის სოლისტმა სცენაზე აიყვანა დრამერი, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. აუდიტორიის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, “რუსეთი ოკუპანტია”. თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს, ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის “დები და ძმები” არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს. მსმენელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა – ჯგუფი აუდიტორიას სტვენისა და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დაემშვიდობა.
რაც შეეხება LOUDspeakers-ს, მათ სცენიდან უკრაინას მშვიდობა და გამარჯვება უსურვეს. სოლისტმა ასევე თქვა, რომ “ევროპა ჩვენი სახლია და ევროკავშირი – ჩვენი მომავალი”.
საქართველოს მთავრობა უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონს ხარჯავს. The Killers-ის გარდა, დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.
The Killers-ის კონცერტზე ბილეთების ფასი 100-დან 500 ლარამდე იყო.

საქართველოს მთავრობა უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონს ხარჯავს. The Killers-ის გარდა, დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.

The Killers-ის კონცერტზე ბილეთების ფასი 100-დან 500 ლარამდე იყო.

საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“, რომლის მშენებლობაც 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო, 2016 წლის 31 ივლისს გაიხსნა. 2016 წლის 10 ივლისს ფონდმა „ბლექ სი არენა“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

2022 წლის საოპერაციო ხარჯების დასაფარად “ბლექ სი არენამ” სახელმწიფოსგან 3 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო 2017 წლიდან მიღებულმა სუბსიდიამ 41,451,000 ლარი შეადგინა. მხოლოდ 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,5 მლნ ლარი გამოიყო პროექტ “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში გამართული კონცერტებისთვის. თავად დარბაზის შენახვა კი ბიუჯეტს წელიწადში 1 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button