მნიშვნელოვანისიახლეები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.
“იდეალური პერიოდი ვაქცინაციის ჩატარებისთვის არის ოქტომბრის მეორე ნახევარი-ნოემბრის დასაწყისი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები მზად არის. როგორც წესი, საქართველოში ვაქცინა შემოდის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ალბათ, წელსაც ასე იქნება. აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში, დღემდე გრიპის ვირუსის შემთხვევები არ გვაქვს, ის სტატისტიკა, რომელსაც ახლა ვიღებთ, ეს არის რინოვირუსი, ადენო ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და გრიპის შემთხვევების პიკი აღინიშნება დეკემბერ-იანვრის პერიოდში,” – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 2 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე 65 წელს გადაცილებული მოსახლეობაც.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები მზად არის. როგორც წესი, საქართველოში ვაქცინა შემოდის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ალბათ, წელსაც ასე იქნება, კერძოდ, ოქტომბრის პირველ ნახევარში ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კი შესაძლებელი იქნება აცრა. ჩვენს მოსახლეობას ექნება საუკეთესო გადაფარვის 4 კომპონენტიანი ვაქცინა.

რისკის ჯგუფები განსაზღვრულია ასაკის მიხედვით, კერძოდ, ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით საყურადღებოა 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვიდან. ამიტომ, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც მშობლებს ვურჩევთ ბავშვისთვის ვაქცინის გაკეთებას. დანარჩენ კატეგორიას განსაზღვრავს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სოციალური ფენები.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება სამედიცინო მუშაკებისთვის, ორსულების, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისა და ჭარბწონიანებისთვის“,- აღნიშნა ჩხაიძემ [IPN]

მსოფლიოში კოვიდის ახალმა ვარიანტმა დაიწყო გავრცელება, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება XEC. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ვარიანტი უახლოეს პერიოდში შეიძლება გახდეს კორონავირუსის მთავარი ტიპი და ჩაანაცვლოს წინა. ამის შესახებ BBC წერს.

ეს ვარიანტი პირველად გერმანიაში მიმდინარე წლის ივნისში აღმოაჩინეს, მას შემდეგ XEC-ის შემთხვევები დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, დანიაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. ამის შესახებ ამერიკელი მეცნიერი და სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ერიკ ტოპოლი X-ზე წერს. მისი თქმით, XEC-ის გავრცელება ჯერ მხოლოდ ახლა იწყება და რამდენიმე თვე დასჭირდება, სანამ მისი გავრცელება მაღალ დონეს მიაღწევს.

XEC მისი წინამორბედებისგან ზოგიერთი მუტაციით განსხვავდება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მის უფრო სწრაფად გავრცელებას, აღნიშნავენ მეცნიერები. თუმცა, მათ მიაჩნიათ, რომ არსებული ვაქცინები ხელს შეუწყობს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სერიოზული შედეგების თავიდან აცილებას.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ფრანსუა ბალუქსმა BBC-ს განუცხადა, რომ XEC-ს აქვს „მცირე უპირატესობა გავრცელების თვალსაზრისით“ წინა ვარიანტებთან შედარებით, მაგრამ არსებული ვაქცინები მაინც უზრუნველყოფს კარგ დაცვას მისგან.

Balu-ს პროგნოზების მიხედვით, სავარაუდოა, რომ XEC შეიძლება გახდეს Covid-19-ის მთავარი ვარიანტი მომდევნო ზამთრის განმავლობაში.

Covid-ის ახალი ვარიანტის სიმპტომები არ განსხვავდება უკვე ცნობილი ვარიანტების დაფიქსირებული სიმპტომებისგან. მათ შორისაა მაღალი ტემპერატურა, ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში, დაღლილობა, ხველა ან ყელის ტკივილი. ადამიანების უმეტესობა კოვიდისგან რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება, მაგრამ ზოგიერთისთვის დაავადება უფრო დიდხანს გრძელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც აკონტროლებს კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, გამოაცხადა, რომ Covid-ის პანდემია 2022 წელს დასრულდა.

მისი დაწყებიდან 2024 წლის ივნისის ბოლომდე დადასტურდა დაავადების 775 მილიონზე მეტი შემთხვევა და 7 მილიონზე მეტი სიკვდილი, ნათქვამია WHO-ს ვებსაიტზე.

ჯანმო-ს მონაცემებით, 2024 წლის მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე დაფიქსირდა Covid-ის 135 ათასი ახალი შემთხვევა, რაც თითქმის არ განსხვავდება წინა თვისგან. ამასთან, ამ დროის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობამ 2 ათასზე მეტი შეადგინა, რაც წინა პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.

თუმცა, პანდემიის დასრულების და სიკვდილიანობის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, Covid-ის ტესტებით გაცილებით ნაკლებ ადამიანს ამოწმებენ. ამიტომ, კორონავირუსის გავრცელების ამჟამინდელი მასშტაბის თვალყურის დევნება უფრო რთულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button