შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. საქმეზე გამოძიება ორი მუხლით გრძელდება – ყაჩაღობის და განზრახ მკვლელობის სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, სოფო გოგლიჩიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. ადვოკატს იმედი აქვს, რომ საქმეში ნაფიცი მსაჯულები ჩაერთვებიან.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უკვე წაუყენეს. რაც შეეხება მის პოზიციას, იგი დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და აცხადებს, რომ არანაირი შეხება ამ საქმესთან არ ჰქონია. მაქვს იმედი, რომ ავირჩევთ ნაფიც მსაჯულებს,” – განაცხადა ადვოკატმა.
ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
შანაი ბრუკ ედვარდსი თბილისში, 31 ივლისს მოკლული იპოვეს. 40-დღიანი ძებნის შემდეგ, შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე, რაფაელ მურსაკულოვი დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული შანაი ბრუკს ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით დაესხა თავს, ხოლო მას შემდეგ, რაც მსხვერპლმა წინააღმდეგობა გაუწია, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა.