მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

შეღავათები ონკოლოგიური პაციენტებისთვის და ფერმერებისთვის

სიმსივნით დაავადებული მოქალაქეები მკურნალობას პირადი ხარჯების გარეშე ჩაიტარებენ. ინფორმაცია პრემიერმა გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით გაიზრდება.

“მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად. აქ განსაკუთრებით გამოსაყოფი იყო ონკოდაავადებათა მკურნალობა. იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის თანხის ჯიბიდან გადახდა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პროგრამის 8 000 ლარით გაზრდის, რაც ფაქტობრივად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, მისცემს შესაძლებლობას, ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი, ყველანაირი პირადი გადასახადების გარეშე. სამწუხაროდ, დღეს ამ პროგრამით საქართველოს 1 974 მოქალაქე სარგებლობს და ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.” – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს ნერგებით დაეხმარება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებაც, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სოფლის მეურნეობის პროგრამის, “დანერგე მომავლის” ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, შესაბამისი პროგრამა გაჩნდება. პროგრამა დაზარალებული ფერმერების ვაზის ჯიშებით დახმარებასაც გულისხმობს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა სტიქია რამდენიმე რეგიონში. განსაკუთრებით, ეს იყო კახეთი, რომელიც დაზარალდა სეტყვის გამო და რაჭაშიც. რაში მდგომარეობს ცვლილებების არსი: მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეფექტურად მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ფერმერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ რაც შეიძლება მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს. ძირითადად, ფარავდა მიღებული მოსავლის რისკებს, მისი დაკარგვის რისკს. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს ბევრ ფერმერს უბრალოდ, გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარების სახით ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები იმისთვის, რომ მან აღადგინოს თავისი მრავალწლიანი ბაღები და რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, უფრო მაღალი ხარისხის და ღირებულების ვაზის ჯიშები, იმ ჯიშებით, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში. მაგალითად, რქაწითელი, იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება. ეს პროგრამა დაიწყება წელს, 2020 წლის 15 ივლისის შემდეგ დაზარალებული გლეხებით და შემდგომ გაგრძელდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რამეთუ ჩვენ ნელ-ნელა, ეტაპობრივად შევძლებთ უფრო ხარისხიანი ჯიშებით ჩავანცვლოთ როგორც ვაზი, ასევე სხვა მრავალწლიანი კულტურები.” – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button