მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შეღავათები ტურისტული ბიზნესისთვის და სასტუმროებისთვის

“უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე”. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროგრამა 6 თვეს გაგრძელდება.

„ეს არის სასტუმროების უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად, სასტუმრო ინდუსტრიის 95%-ზე მეტი ობიექტი. ასევე, დავეხმარებით და დავუსუბსიდირებთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ჩვენს ტურისტულ ობიექტებს დაეხმარება, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმარებით მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც 1 ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას.“ – განაცხადა თურნავამ.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ინდუსრტიაში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან და ამასთან, საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

„ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს გამოვუთავისუფლებთ, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ. ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც აქამდე პირველ ნოემბრამდე იყო გადავადებული, გადავადდება 2020 წლის ბოლომდე და აქაც იგივე პრობლემას ვპასუხობთ.” – აღნიშნა თურნავამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button