შეიცვლება თუ არა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი
თითქმის სრული პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება ლევან მურუსიძის წინააღმდეგ.
ოპოზიციის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას უმრავლესობაშიც აკრიტიკებენ. ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებას დათანხმდეს. ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, თუ საკონსტიტუციო ან სხვა ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საზოგადოების საკმაოდ დიდი ჯგუფის ერთ-ერთი მოთხოვნა, ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია.
“მაშინ, როდესაც ჩვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების კანონპროექტს ვიხილავდით, ვფიქრობდი, რომ გარკვეული კორექტირება, რაც მაშინ მოხდა, უმჯობესი იყო, არ ყოფილიყო და პირველი რედაქციით მიგვეღო. ეს რომ ასე მომხდარიყო, შესაძლოა, დღეს სხვა რეალობა გვქონოდა. ამ ფორმით მიღებული კანონი არ ნიშნავს, რომ არ ის არასდროს შეიცვლება. ვიმსჯელოთ და მივიღოთ სამართლიანი და გონივრული გადაწყვეტილება,” – აღნიშა ეკა ბესელიამ.
თავისუფალი დემოკრატები უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართავენ, არა მხოლოდ გულისწუხილი და უკიდურესი აღშფოთება გამოხატონ, არამედ იმ ადამიანებს, ვისაც ნდობა გამოუცხადეს, მიმართონ, რომ დატოვონ თანამდებობები.
“თავისუფალ დემოკრატებს მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი იმ ადამიანების არჩევაში, ვინც დღეს მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ გამოვედით ინიციატივით და მივმართეთ, რომ დატოვონ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.