მნიშვნელოვანისიახლეები

ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში დღეიდან დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ამერიკული წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ.

„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 200 000 დოზა Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. რისკის ჯგუფის მოქალაქეების ვაქცინაცია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უფასო ვაქცინაციის ცენტრების შესახებ გამოქვეყნებულია ინფორმაცია.
უფასო ვაქცინაცია გათვალისწინებულია შემდეგი ჯგუფებისთვის:

დიაბეტის მქონე პირები
დიალიზზე მყოფი პირები
C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი)
აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები
ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები
60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები
ორსულები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები
ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი
სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა.
“გრიპის ვაქცინაცია დასაშვებია ნებისმიერ დროს – ვაქცინის ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით, თუმცა მისი ეფექტურობა მატულობს ვაქცინაციის შემოდგომაზე, გრიპის ვირუსების აქტიური ცირკულაციის დაწყებამდე ჩატარებისას”, – აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გრიპის ვაქცინაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.

როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მაღალრისკიან მოქალაქეებს ვაქცინაცია დღეიდან უკვე შეუძლიათ.

“გრიპის ვაქცინაცია დაწყებულია და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ყველას, ვინც მაღალრისკიანი, დღეიდან ვთავაზობთ და შემდეგ სხვა ეტაპებზე გადავალთ”, – განაცხადა აზარაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, რუხის საავადმყოფოს რეაბილიტაციაა. აზარაშვილის თქმით, განახლებული კლინიკა ერთი თვის წინ გაიხსნა და მისი მომსახურებით უკვე 1000-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა.

“რუხის საავადმყოფოში არ არსებობდა კოვიდის და დიალიზის განყოფილების გარდა სხვა მოქმედი განყოფილება. რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა, რომ დაგვემატებინა ყველა საჭირო მიმართულება. ერთი თვის წინ, 15 სექტემბერს გავხსენით ეს კლინიკა კიდევ ერთხელ, ახლა უკვე სრულყოფილად. შედეგები იმაზე მეტია, რაც მოლოდინი გვქონდა და ერთ თვეში 1000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა მომსახურებით”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button