მნიშვნელოვანისიახლეები

“შენი ხმა ევროკავშირს” – თბილისში მარში იმართება თუმცა “ქართული ოცნება” არ შეუერთდება

ამ წუთებში თბილისში მსვლელობა იწყება – მარში სახელწოდებით, შენი ხმა ევროკავშირს, რესპუბლიკის მოედნიდან ზუსტად 14 საათზე დაიწყო. მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გაემართებიან და ევროკავშირის დროშას გაშლიან.
„გავიმარჯვებთ სახელოვნად”, „ქართველი, მაშასადამე ევროპელი”, – ამ სლოგანებით მოქალაქეები, მესამე სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები „ევროპულ მარშს“ მართავენ. ცნობილია, რომ მას “ქართული ოცნება” არ შეუერთდება.

მარშზე მყოფი ადამიანების განცხადებით, დღევანდელი მარში არის გზავნილი ევროპისადმი, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, შესაბამისად, ის აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ რუსეთი არ გვინდა და გვინდა ევროკავშირში”, – აცხადებენ მარშში მონაწილეები.

მოქალქეები ასევე სკანდირებენ “ჩვენი ხმა ევროპას”!
მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით “GEN Z ირჩევს ევროპას.” დღესვე გაიშლება ევროკავშირის გიგანტური დროშა, რომლის ვარსკვლავებიც სიმბოლურად საქართველოს 12 ქალაქში შეიკერა.

მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო სექტორია.

საქართველოდან ყველა გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მარშის მოწყობა, რომ კიდევ ერთხელ გავაგზავნოთ ევროკავშირთან მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ, საზოგადოებას გვინდა და გვჭირდება ეს შანსი, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მარშზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერს აკეთებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებიც იგზავნება საქართველოს, ქართველი ხალხის მხრიდან ევროკავშირში. სწორედ ამან მოგვიტანა ჩვენ რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით. ხელისუფლებას შეეძლო ბევრი რამ გაეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთეს. ქართველმა ხალხმა და აქტიურმა ადამიანებმა, ყველამ ერთად მოვიტანეთ ეს ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა გიგაურმა.

„ლელოს” წევრის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, “ევროპული მარშით” ევროპულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავენ, რომ საქართველო ევროპული არჩევანის მყარი მომხრეა, ეს მხედველობაში მიიღონ და საქართველოსთვის არ გადადონ კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძემ “ ინტერპრესნიუსს” “ევროპულ მარშზე” განუცხადა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად იმართება.

„საზოგადოების ნება ძალიან ბევრჯერ გამოიხატა ამ თვალსაზრისით და ეს ეჭვგარეშეა. ვფიქრობ, თავად ევროპული საზოგადოებისთვისაც ეჭვგარეშეა საზოგადოების განწყობა. მათთვის საეჭვოა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამწუხაროდ, მხოლოდ შემაფერხებელ მოძრაობებს ახორციელებდა ამ მიმართულებით. ბუნებრივია, მათი პარტნიორი არის ხელისუფლება, ხელისუფლებებთან ხდება ყოველგვარი გადაწყვეტილების თუ შეთანხმების მიღება და დადება. ჩვენ ვთხოვთ ამ მარშით და კიდევ სხვა მრავალი ღონისძიებით, რაც აქამდე ყოფილა, ევროპულ საზოგადოებას, რომ მიუხედავად ხელისუფლების ბევრჯერ გაურკვეველი პოზიციისა, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ის ევროპული არჩევანის მყარად მომხრეა, მხედველობაში მიიღონ და კიდევ ერთხელ გაითვალისწინონ ეს გარემოება და საქართველოსთვის არ გადადონ სტატუსის მინიჭება”, – განაცხადა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ როგორც 6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მარშს შეუერთდება. მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველო რამდენიმე დღეში გადამწყვეტ გზავნილს ელოდება, გაერთიანება მნიშვნელოვანია.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.

რას წერს ევროკომისია საქართველოს შესახებ 2023 წლის ანგარიშში

არსებული ინფორმაციით, “ევროპულ მარშს” შეუერთდება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button