შეთანხმების დოკუმენტს გერმანიის ელჩი ეხმაურება
პოლიტკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში
“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ ფართო თანხმობა ჰპოვა პოლიტიკურ ძალებს შორის. მოხარული ვარ ამ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ქალბატონი ელჩი კელი დეგნანი და ბატონი ელჩი კარლ ჰარცელი ასე დაჟინებით იღწვოდნენ. შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში, ერთობლივი წარმატებისთვის მუშაობის სულისკვეთებას,” – აცხადებს ქნირში.
შეგახსენებთ, დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.
მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
- ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
- რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი – 0%-დან 2%-მდე.
- და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.