შინაგან საქმეთა სამინისტრო ორად გაიყო

საქართველოში დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ორად გაიყო და შეიქმნა ახალი უსაფრთხოების სამსახური. ახალი სამსახური კი მუშაობას დღეიდან იწყებს.

რეფორმის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო ე.წ. სუს-ი, ანტიკორუფციული სააგენტო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი გაერთიანდება.

არსებობს ინფორმაცია, რომ ე.წ. სუს-ს სახელი შეეცვლება.

დანარჩენი დანაყოფები, რომელთაც პოლიციური, კერძოდ კი საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციები აკისრიათ, მათ შორის კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია და მომსახურების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავრობასთან ერთად ასევე იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტთან, რომელსაც სამსახურის უფროსმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს.

უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე წელს შს სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ცნობილია თანხაც. 5 თვეში ახალი სამსახურისთვის 36 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

ახალ სამსახურს ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, უხელმძღვანელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button