შოტლანდიაში გიგანტური ბოცვრისთვის სახლს ეძებენ [Video]
კონტინენტალური გიგანტის ჯიშის 7 თვის ბოცვერი, მეტსახელად ატლასი თავისი პატრონისთვის ძალიან დიდი აღმოჩნდა და ახალ სახლს ეძებს, – გვაცნობებს The Guardian.
შოტლანდიის ცხოველებისადმი არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოება ბოცვრისთვის ახალ სახლს ეძებს. აღსანიშნავია, რომ ცხოველის ნაშიერი ჯერ კიდევ ზრდის პროცესში იმყოფება და მას სეირნობისთვის დიდი სივრცე სჭირდება. ამის გარდა, ბოცვერი დიდი ღორმუცელაა – იგი წელიწადში 2000 ცალ სტაფილოსა და 700 ცალ ვაშლს მიირთმევს.
“ატლასი ცნობისმოყვარე ბიჭია და თავისი ანცი ხასიათით ყველა მოხიბლა”, – აქებს პატარა ბოცვერს კარდონალდის ცხოველთა დაცვის ცენტრის მენეჯერი ანა ოდონელი.
აღსანიშნავია, რომ კონტინენტალური გიგანტი პლანეტის ყველაზე უძველეს და მსხვილ ბოცვერთა ჯიშად ითვლება. მისი საშუალო სტატისტიკური წარმომადგენელი ერთ მეტრამდე იზრდება, ყურების სიგრძე 18 სანტიმეტრს შეადგენს, ხოლო წონა კი 6-8 კილოგრამს.