შრომის ინსპექციამ კლუბების დალუქვა დაიწყო

შრომის ინსპექციამ კლუბების დალუქვა დაიწყო. ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს ამის შესახებ კლუბ BASSIANI-ის დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი წერს. მისი ინფორმაციით, იგივეს უკეთებენ თბილისში არსებულ თითქმის ყველა სივრცეს.
“ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს”, – წერს ნაჯა ორაშვილი.
ცნობისთვის, კლუბს ამაღამ ღონისძიება აქვს დაგეგმილი.
კლუბები ამბობენ, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირებისა და შეთანხმებისა, საკოორდინაციომ მათი გახსნის გადაწყვეტილება მაინც არ მიიღო. ამიტომ საკლუბო სივრცემ გადაწყვიტა ამ შაბათ-კვირას იმ დადგენილი პროტოკოლით გააგრძელონ მუშაობას, რომელიც შესაბამის უწყებებთან შეათანხმეს.
საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.
17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.
გუშინ, 22 დეკემბერს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ კლუბები მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს.
“მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის შესაქმნელად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სფეროს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაწევა მოგვიწია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ, 23 დეკემბერს თბილისის სცენის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ
წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა მეიჯარეებისგან მოითხოვეს, რომ თავად არ დაუშვან კლუბების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს”.
კლუბები აცხადებენ რომ ეს არის ცალსახად შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.
რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია.