მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

სიღნაღის მერმა ანგარიშში ბანკების გადავადებული გადასახადები და სახელმწიფო სუფსიდია მიიწერა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა საკუთარის საქმიანობის ანგარიშში, ბანკების მიერ სამი თვით გადავადებული სესხები და სახელმწიფოსგან სუბსიდირებული კომუნალური გადასახადებიც შეიტანა.
2020 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გოგი გოგილაშვილმა,26 მარტს წარუდგინა.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები, მერისგან წარდგენილ ანგარიშს აკრიტიკებენ და მას თვითმმართველობის ფუნქციების არცოდნაში ადანაშაულებენ.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე საკრებულოში, გიორგი ბაბაკიშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ მერს შეკითხვები დაუსვა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
“ანგარიშში ბევრი ისეთი რამ იყო, რაც კითხვებს აჩენდა, მაგრამ რა კავშირშია მისი საქმიანობა სესხების გადავადებასთან ან კომუნალური გადასახადების სუბსიდირებასთან, ვერაფრით გავარკვიე. რას საქმიანობს არჩეული მერი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ჩვენ ამის მოსმენას ველოდებოდით. სხდომაზევე ვკითხე, წაკითხული ჰქონდა თუ არა მოხსენება,რომელსაც გვაცნობდა.მერმა მიპასუხა,რომ ეს მისი შეურაცხყოფაა და რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხებს, მათი ანგარიშში შეტანა, დანაშაული არ არის. ორი- სამი კითხვა დავუსვი, მეტს აზრი აღარ ჰქონდა და დავტოვე სხდომა”- განაცხადა რადიო ჰერეთთან, ბაბაკიშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, გოგი გოგილაშვილი, ოპონენტების მოსაზრებას არ ეთანხმება.
მერი თვლის, რომ ანგარიშში შეტანილი ეს საკითხი ოპონენტებმა არასწორად გაიგეს.
“ვიცი ჩემი ოპონენტების აზრი, ისინი იქვე მისვამდნენ კითხვებს, რა კავშირში ვარ ამ ყველაფერთან. მე არ მითქვამს, რომ ეს ჩემი, როგორც პირველი პირის დამსახურებაა. მე ვთვლი, რომ ცენტრალური ხელისუფლების სწორ დირექტივებს ადგილზე შესრულება სჭირდება. ჩვენ აქ დავალებებს ვანაწილებდით, მოსახლეობას ვაცნობდით ყველაფერს, რა შეღავათითაც შეეძლო სარგებლობა, ან როგორ მოქცეულიყო პანდემიის პირობებში. მხოლოდ ამ მიზეზით შეიცავდა ანგარიში ამ ინფორმაციას. ოპონენტებმა არასწორად წარმოაჩინეს”- განაცხადა გოგილაშვილმა.
თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, არჩეული მერი, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაწეული საქმიანობის ანგარიშს, წელიწადში ერთხელ აბარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button