სიღნაღის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი “ქართულ ოცნებას” პარტიიდან გარიცხვას სთხოვს

სიღანღის საკრებულოდან პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული მალხაზ მოლაშვილი, პარტიიდან გარიცხვას ითხოვს.
საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი სოციალურ ქსელში წერს:
” ქართული ოცნება / Georgian Dream ს დამფუძნებელი ყრილობის დელეგატს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში პარტიის საინიციატივო ჯგუფის შემქმნელს, რაიონული ორგანიზაციის პირველ კონფერენციამდე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რომლის რეკომენდაციითაც ასეულობით ადამიანია პარტიაში გაწევრიანებული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აქტივის კოორდინატორს, წლების განმავლობაში სამჯერ შემავსებინეს განაცხადი პარტიაში გაწევრიანების შესახებ. 2012 წლის 12 დეკემბრიდან ვიყავი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის, აპარატის ხელმძღვანელი, 2012 წლიდან დღემდე ყველა დონის არჩევნებში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი ქართული ოცნებისა და მისი კანდიდატების გამარჯვებაში, დღემდე ვერავინ მეტყვის, რომ რაიმე ნაბიჯი მაქვს გადადგმული ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ, 2025 წლის 13 იანვარს გამიფორმეს ერთთვიანი ხელშეკრულება პირველი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით და ხელშეკრულების ვადის გასვლიდან გამომდინარე, სამ თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარემ ტელეფონით მაცნობა, რომ ხელშეკრულება აღარ გამიგრძელდებოდა ჩემი შვილების ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა და თბილისში მიმდინარე აქციებზე დგომის გამო. 7 თებერვალს საკრებულოში შევიტანე განცხადება ჩემი პირადი საქმისა და შეფასების ოქმების ასლების გამოთხოვის შესახებ, პასუხი ტელეფონზე, ვადები აქვთ და პასუხს მივიღებ. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ პარტიის პოლიტსაბჭოს, სასწრაფოდ გამრიცხოთ პარტიიდან და არ გამიკვირდება ახლადმიღებული კანონის თანახმად გამომაცხადოთ სამშობლოს ” მოღალატედ”.
მალხაზ მოლაშვილი და მისი მეულღე, მანანა ჯავაშვილი, საჯარო სამსახურიდან ერთდროულად, შვილების საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გაანთავისუფლეს.
მოლაშვილი, სამოქალაქო აქტივისტის, წნორში “ცოდნის კაფეს” დამფუძნებლის, ქეთი მოლაშვილის მამაა.