მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის არმია კვლავ აგრძელებს შეტევას სევეროდონეცკზე კონტროლის დასამყარებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 19 ივნისის დილის ანგარიშს აქვეყნებს.

გენშტაბის თანახმად, რუსეთის არმია კვლავ აგრძელებს შეტევას, რათა სრული კონტროლი დაამყაროს სევეროდონეცკზე. ამ მიზნით, ისინი 24-საათიან საჰაერო დაზვერვას აწარმოებენ.

თუმცა რუსი დამპყრობლები სევეროდონეცკის აღებისთვის კონკრეტულ თარიღებს ვეღარ ასახელებენ. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსები ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ქალაქი მათი კონტროლის ქვეშაა.

„რუსების ყველა განცხადება, რომ სევეროდონეცკს აკონტროლებენ, სიცრუეა. დიახ, მართლაც, ისინი აკონტროლებენ ქალაქის დიდ ნაწილს, მაგრამ მთელ ქალაქს არ აკონტროლებენ. ახლა ვადებზეც კი არ საუბრობენ, არავინ ასახელებს თარიღებს. ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ აქვთ სევეროდონეცკის სრული აღების ან ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილის კონტროლის დავალება, ამიტომ ისინი ბომბავენ, მაგრამ ვერ აკონტროლებენ“, – განაცხადა მან.

ამასთან გაიდაიმ დასძინა, რომ ზოგადად ლუგანსკის რეგიონში ვითარება კვლავ რთულია, რადგან მტერი მუდმივად ავსებს რეზერვებს სხვადასხვა მიმართულებებით.

სევეროდონეცკის მიმართულებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ასევე აგრძელებენ საარტილერიო შეტევებს ლისიჩანსკის, ბოროვსკოეს, ბელაია გორასა და უსტინოვკას მიმართულებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შემდეგ, რუსეთის არმიამ უკან დაიხია ტოშკოვკას დასახლებულ პუნქტში.

ბახმუტსკის მიმართულებით, დასახლებულ პუნქტებში, ნიკოლაევში, ბელოგოროვკაში, იაკოვლევკასა და პოკროვსკოიოში, რუსეთის არმია საარტილერიო შეტევას ახორციელებს უკრაინის პოზიციების მისამართით.

ხარკოვის მიმართულებით, რუსეთის არმია ძირითად ძალისხმევას ახმარს დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას და ცეცხლს უხსნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. საავიაციო თავდასხმა განახორციელეს დასახლებულ პუნქტებზე, ტიმოფეევკასა და ცაპოვკაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის სამხრეთ ნაწილი მოინახულა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში საუბრობს, იგი მიკოლაევისა და ოდესის რეგიონებს ეწვია, ესაუბრა სამხედროებს, ექიმებს და მადლობა გადაუხადა მათ ქვეყნის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის.

„მე ვბრუნდები სამხრეთიდან – მოვინახულე ჩვენი ფრონტის ხაზის პოზიციები მიკოლაივის რეგიონში, მოვინახულე თავად მიკოლაევი და ასევე ოდესის რეგიონი. ვესაუბრე ჩვენს დამცველებს – სამხედროებს, პოლიციას, ეროვნულ გვარდიას, ტერიტორიულ დაცვას. მათი განწყობა თავდაჯერებულია, ჩვენს გამარჯვებაში არავის ეპარება ეჭვი. ჩვენ არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია და ზღვა იქნება უკრაინული და უსაფრთხო“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის 24 თებერვალს რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. სამხედრო ოპერაციის მიზნებად მან დაასახელა უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“.
შეგახსენებთ, უკრაინის პირველი პირი გუშინ მიკოლაევის შემდეგ, ოდესას ეწვია. მედიის ცნობით, მან საავადმყოფოში, ომში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა, რომლებიც ოდესის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ

მსგავსი პოსტები

Back to top button