მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

მისივე თქმით, ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა უნივერსიტეტებშიც.

„დღევანდელი ეპიდისტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც. დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში და სასწავლო ოთახებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური.” – განაცხადა ჩხენკელმა.

მოისმინეთ მიხეილ ჩხენკელის ხმა.

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტრადიციულად, თუ ერთ საკლასო ოთახსა და აუდიტორიაში იყო 20 ადამიანი, სწავლის დაწყებისას ასე ვერ იქნება და შესაბამისი სტანდარტები მუშავდება.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყველა რეგულაცია სწორად უნდა დაიგეგმოს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია რომ არ გაუარესდეს.

„ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ახლა, სწავლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დღეს რა ეპიდსიტუაციაც გვაქვს, ეს არ არის სწავლის დაწყების პრობლემა. სწავლის დაწყებაც იქნება სკოლებში მობილობის გაზრდა. როცა ათასობით ბავშვი და სტუდენტი დაიწყებს სწავლას, ეს ვერ იქნება იმ ტრადიციულ სტილში, თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება 20 ადამიანი ერთ ოთახში. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები აუდიტორიებში. როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება, როცა დერეფნებში შესვენება იქნება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდირებული, ამაზეც მივცემთ რეკომენდაციას. მუშავდება ეს სტანდარტები როგორც სკოლებთან, ისე უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, აქაც შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღინისძიებების დაცვით იქნება ყველაფერი. დამყოლობა როგორც სკლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში კარგი იქნება და ჩვენ ერთობლივად შევძლებთ, რომ ამით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გავაუარესოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკი, როცა ასეთი დიდი მობილობის ზრდა არის, არსებობს. ამიტომ სწორად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მოისმინეთ ამირან გამყრელიძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button