რეგიონი

სკოლებში სასწავლო პროგრამებში მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა

სკოლებში სასწავლო პროგრამებში მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა-
ამის შესახებ, საჯარო სკოლების პედაგოგები და დირექტორები კერძო საუბრებში ამბობენ.
სკოლებში ყვებიან იმასაც, რომ განათლების სინისტროს ამ ჩამორჩენილობის დასაძლევად გეგმა არ აქვს რასაც შესაძლოა, ასობით მოსწავლის განათლების გარეშე დარჩენა მოჰყვეს.

” კორონა ვირუსის პანდემია სკოლას სერიოზულ პრობლემად ექცა. საქმე იმაშია, რომ არ იყო ამ პროცესის თანმიმდევრული მართვა. რაღაც ეტაპზე, ორგანიზებულად გადავდიოდით, ონლაინ- სწავლებაზე, მაგრამ მერე, აშკარად ჯანდაცვის რგოლებს, მითითება ჰქონდათ, რომ რაც უნდა მომხდარიყო, სწავლა მაინც გაგრძელებულიყო. ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, ცალკეული კლასები გადაგვყავდა დისტანციურ სწავლებაზე. უკან დაბრუნების შემდეგ, ზოგი მშობელი ბავშვს აღარც სკოლაში უშვებდა და არც ონლაინ- სწავლებაზე რეგისტრირდებოდა. ასე დავდევთ თითოეულ ბავშვს, დიდი ძალისხმევით და ბრძოლით ვახერხებთ, რასაც ვაკეთებთ. არავითარი გეგმა, ჩამორჩენის დასაძლევად, ჯერჯერობით, სამინისტროდან არ მოუწვდიათ”- ამბობს რადიო ჰერეთთან ერთი-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი.
სასწავლო პროგრამის სწავლება რომ შეფერხებით მიმდინარეობს, პედაგოგებიც ადასტურებენ.

” ბავშვების დიდი ნაწილი რომ არ ესწრება გაკვეთილს, იძულებული აფერხებ პროგრამას. მერე მაინც ახალ მასალას ახსნი და ზოგი მოსწავლე ისე ჩამორჩება, ვეღარ ეწევა ვერაფრით თანაკლასელებს. რამდენიმე ონლაინ- ჯგუფშიც შევდივარ და სიმართლე გითხრათ, ვინც სტაბილურად ონლაინში დარჩა, ის ბავშვები მეტად თანმიმდევრულად მიჰყვებიან პროგრამას. ამ ჩამორჩენას დაძლევა უნდა და არ ვიცი, რა გეგმას შემოგვთავაზებენ”- ამბობს უფროსკლასელთა პედაგოგი.
მოსწავლეთა მშობლების ნაწილიც მიიჩნევს, რომ ჩავარდნის მიზეზი, პროცესის არათანმიმდევრული მართვა და უსაფრთხო სკოლის უზრუნველყოფის საკითხის ჩავარდნაა.

” ჩემი შვილი მეშვიდე კლასშია. სამჯერ დაფიქსირდა კლასში კორონა ვირუსი. სკოლა უსაფრთხო ვერაფრით გახადეს. პედაგოგებიც კი ვერ დაარწმუნეს, რომ ვაქცინა გაეკეთებინათ. ორ შემთხვევაში, ვირუსი ბავშვებს პედაგოგმა გადასდო. გადავიდნენ ონლაინში, ორი კვირით. ეს მონაცვლეობა ძალიან რთული იყო. სკოლაში გაშვების მეშინოდა უკვე, თან აშკარად ონლაინში იმდენი ბავშვი აღარ მონაწილეობდა, რაც სწავლებას აფერხებდა. ბოლოს გადავწყვიტე, სტაბილურად დამეტოვებინა ონლაინში, მასთან ერთად ოთხი კლასელი დარჩა დისტანციურზე. ესწრებიან მუდმივად და ვფიქრობ, რომ კარგად მისდევენ პროგრამას”– ამბობს მშობელი.
28 მარტიდან, კორონა ვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი იხსნება.

სკოლებში მოსწავლეებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა სწავლების პირდაპირი , ან ონლაინ- რეჟიმი აირჩიოს.
კითხვებზე- რა გეგმა აქვს განათლების სამინისტროს პროგრამებში არსებული ჩავარდნების

დასაძლევად, ან მომავალი სასწავლო წლისათვის, უსაფრთხო სკოლის უზრუნველსაყოფად, პასუხის გასაცემად, სამინისტროში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
ნატალია შუბითიძე

მსგავსი პოსტები

Back to top button