მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

სომეხი და ქართველი მედიკოსების დებატები

“სომხეთის ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა საქართველოზე ძლიერია, ეს ფაქტია”. – ეს განცხადება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

არსენ ტოროსიანმა arminfo.info-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებულ ტესტებთან დაკავშირებით, კითხვები აქვს.

მინისტრმა პაციენტების გამოკვლევების მეთოდოლოგიაზე საუბრისას გამოყო ის მთავარი კითხვები, რაც საქართველოში კოვიდ ეპიდემიის კუთხით აქვს. ტოროსიანი დაინტერესებულია, საქართველოში ყველა პაციენტს PCR ტესტებით იკვლევენ თუ სწრაფი ტესტებით, რომელსაც სომხეთში სიზუსტის დაბალი მაჩვენებლის გამო არ იყენებენ.

ტოროსიანს ასევე აინტერესებს, უტარდებათ თუ არა ტესტირება იმ პირებს, ვისაც ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ, ან მონაცემებში თუ არიან ასახული ის პირები, ვინც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ.

იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს მონაცემები საეჭვოა, მინისტრმა მაგალითად სომხეთში შესული მძღოლები მოიშველია, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. აქედან გამომდინარე, მინისტრს აეჭვებს ის ფაქტი, რომ საქართველოში დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ან ორი ფაქტი ფიქსირდება და აინტერესებს, ხდება თუ არა ყველა ინფიცირებულის გამოვლენა.

სომხეთში ახალი კორონავირუსის 5 928 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან 2 874 პაციენტი განიკურნა, 74 კი, გარდაიცვალა.

“ჯერ დასადასტურებელია, იყო თუ არა ნამდვილად ასეთი განცხადება. ცოტა მეუცხოვა არსენ ტოროსიანისგან ამ ტიპის “არადიპლომატიური განცხადება”. – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუკი მსგავსი შემთხვევა იყო, რაზეც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს, რომ საქართველოდან ჩასულ მძღოლს სომხეთში კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ უნდა ეცნობებინათ ამის შესახებ საქართველოსთვის და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, რადგან საქართველოც და სომხეთიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის ხელმომწერები არიან.

“ეს ინფორმაცია ვნახე, რამდენიმე საინფორმაციო წყაროთი გავრცელდა. ჯერ დასადასტურებელია, იყო თუ არა ნამდვილად ასეთი განცხადება, რადგან მე პირადად ვიცნობ ბატონ არსენ ტოროსიანს, მისგან ცოტა მიკვირს თუ ეს განცხადება ამ რაკურსით გაკეთდა. ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები, დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის, ასე ვიტყოდი, – “არადიპლომატიური განცხადება”, რადგან თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას დაუდასტურდა ინფექცია, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენც და სომხეთიც ვართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის ხელმომწერები. ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა, – სომხეთის მოქალაქის, ან კიდევ სხვა ქვეყნის მოქალაქის. ამ შემთხვევაში, უნდა აცნობო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ასევე, იმ ქვეყანას. ჩვენ ეს გავაკეთეთ რამდენიმე მეზობელი ქვეყნის მიმართ, რომ მან შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გაატაროს, როცა მის მოქალაქეს შენს ტერიტორიაზე უდგენ ინფიცირებას. ასე რომ, ჩვენ, თუ გვქონდა ასეთი შემთხვევები, მაშინ, ბატონ არსენს ჯანმო-სთვის უნდა ეცნობებინა და ასევე, ჩვენთვისაც”. – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკას, რომლის მიმართაც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ეჭვებს გამოთქვამს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არ იცის, რა სტატისტიკას ეყრდნობა არსენ ტოროსიანი.

“მას შეუძლია, ნახოს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც ინგლისურადაც ქვეყნდება, მათ შორის, ჩვენს ვებ-გვერდზეც არის და ჩვენს ყოველწლიურ სტატისტიკურ კრებულებში არის პნევმონიის შემთხვევების დინამიკა, რაც შესწავლილი გვაქვს. ჩვენთან არ არსებობს, პანდემიის დროს ე.წ. ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს ჰქონდა იტალიას და ბევრ ქვეყანას, სადაც სიკვდილიანობა მაღალი იყო. ჩვენ ამას ვუყურებთ სამი-ოთხი თვის განმავლობაში, ანუ 2018-2019 წელთან შედარებით, გვაქვს თუ არა 2020-ში ჭარბი სიკვდილიანობა, მათ შორის, პნევმონიით და არა, არ გვაქვს”. – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში პნევმონიის დიანგოზით ყველა პაციენტი იტესტება. ამირან გამყრელიძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტესტირებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებასაც უპასუხა. ამირან გამყრელიძის თქმით, რა რაოდენობის ტესტირებაც არის დღეს ქვეყანაში ჩატარებული, რომელთა რიცხვიც 48 ათასს აჭარბებს, ყველა არის PCR მეთოდით და აღნიშნულ სტატისტიკაში არ შედის სწრაფი ტესტები, რომელიც კლინიკებში ტარდება.

გამყრელიძემ კვლავ გაიმეორა, რომ მას ძალიან გაუკვირდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება.

“მიკვირს ცოტა. არ ვარ დარწმუნებული, მართლა გააკეთა თუ არა მან ასეთი განცხადება”. – აღნიშნა გამყრელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button