ანალიტიკაეკონომიკა

სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის

“დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წარმატებები დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში,” –  ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა,  საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობათაშორისმა  კომისიამ შექმნა საუკეთესო პირობა იმისა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი და ესეც უპრეცენდენტოა.

„გულითადად მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის მონაწილეებს. უპირველესყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ კოლეგებს ტრადიციული, თბილი მიღებისთვის.

კმაყოფილებით მინდა დავაფიქსირო, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წარმატებები დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში. 2019 წელს ჩვენ საქართველოსთან ამბიციური თამასა განვსაზღვრეთ, მიზნად დავსახეთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა 1 მილიარდ დოლარამდე. კოვიდის პანდემიამ შეანელა ეს პროცესი, მაგრამ ახლა, როდესაც ვსწავლობთ კოვიდის პარალელურად ცხოვრებას, წინადადება მაქვს, განვაგრძოთ ჩვენი მიზნის მისაღწევი ყველა მიმართულება და აუცილებლად მივაღწიოთ 1 მილიარდ დოლარამდე ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას. მართალია, გვაქვს შემოთავაზება, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ძალზედ ამბიციური საკითხია და ხაზი მინდა გავუსვა, რომ მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ურთიერთვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა 3 წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის მიღწევამდე.  

ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისმა  კომისიამ შექმნა საუკეთესო პირობა იმისა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი, ესეც უპრეცენდენტოა. მთავრობათაშორისი კომისიის ეს სხდომა უნდა ჩატარებულიყო ჯერ შარშან, მაგრამ პანდემიის გამო არ ჩატარდა, მაგრამ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, როგორც ჩვენს დონეზე, ასევე დარგობრივი პასუხისმგებლობის დონეზე, ტარდებოდა დინამიურად. დღეს ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი მოიცავს მრავალ სფეროს. ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები კი ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნებას, რის მნიშვნელობაზეც უკვე ისაუბრა ბატონმა პრემიერმა“, –  განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ქართული მხარეც გამოთქვამს მზადყიფნას, რომ საქართველო-სომხეთს შორის მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა კონვერტირდეს რეალურ საქმედ.

“ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა კონვერტირდეს რეალურ საქმედ. განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონალურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სხვა პროექტებზე, რომელიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკოლ ფაშინიანის პირადი ჩართულობით განახლდა საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომელიც წლების განმავლობაში არ იმართებოდა.

“განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონალურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სხვა პროექტებზე, რომელიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ამ მიზნით, ამ მოტივით შევიკრიბეთ დღეს. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. სიამაყით და სიამოვნებით უნდა ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ რა თქმა უნდა, ყოველთვის გვქონდა ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სწორედ ჩვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს მთავრობებს, ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და მართლაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რა სფეროებში თანამშრომლობენ საქართველო და სომხეთი, ნახეთ აქ.

მსგავსი პოსტები

Back to top button