სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს მთიან ყარაბაღში, შეიარაღებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს მთიან ყარაბაღში, ქალაქ ლაჩინთან შეიარაღებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ.
დღეს, 3 აგვისტოს ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა საკონტაქტო ხაზის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე უპილოტო მოიერიშე საფრენის აპარატი გამოიყენეს, რის შედეგადაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე სასიკვდილოდ დაიჭრა.
ინფორმაციის თანახმად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სომხეთის 8 სამხედრო მოსამსახურემ. მანამდე თავდაცვის უწყება 7 დაჭრილის შესახებ იტყობინებოდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში განადგურებულია სომხური სამხედრო ფორმირების საარტილერიო დივიზიონი და ერთი საკონტროლო პუნქტი.
დღესვე ბაქომ ერევანი სამმხრივად მიღწეული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „მთელი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება, რომელსაც ამ დრომზე არ უზრუნველუყვია სომხეთის უკანონო შეირაღებული ფორმირებების მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გაყვანა“.
ლაჩინი აზერბაიჯანის ნაწილად მიიჩნევა, მაგრამ მას ამჟამად სწორედ მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობა აკონტროლებს. ქალაქი და მისი მიმდებარე რეგიონი სტრატეგიული დერეფანია, რომელიც მთიანი ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღესვე, ლაჩინის მახლობლად მომხდარი ინციდენტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ოფიციალური ბაქოს ცნობით, გამთენიისას ლაჩინის რაიონში განლაგებული აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფების პოზიციების მიმართულებით ინტენსიური სროლა განხორციელდა. დაიღუპა ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო.
თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, არაიკ ჰარუნთუნიანი აცხადებს, რომ 3 აგვისტოს, დილის 9 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით უხეშად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
არწახის ცნობით, დაშავდა მათი 8 სამხედრო მოსამსახურე, 1 – დაიღუპა.
არაიკ ჰარუნთუნიანმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, მთიან ყარაბაღში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.
ვითარება 1 აგვისტოს გამთენიისას დაიძაბა. სომხეთის მხარის განცხადებით, აზერბაიჯანის ქვედანაყოფებმა კონტაქტის ხაზის გადაკვეთა სცადეს ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო ზონის რამდენიმე მონაკვეთზე.
წუხელ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, იმის შესახებ რომ უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანული ქვედანაყოფების მიერ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სამი დარღვევა დაფიქსირდა.
სომხური მედიასაშუალებები წერენ, რომ „არცახის რესპუბლიკის“ ე.წ პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. რესპუბლიკაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 2022 წლის 3 აგვისტოდან გამოცხადდა.
გარდა ამისა რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე 2020 წლის ნოემბერში შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) უკიდურესად შეშფოთებულია სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ ცნობებით.
ამის შესახებ ეუთო-ს პოლონეთის თავმჯდომარეობამ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.
“მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისა და დიალოგის განახლებისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღონ. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით მხარი დავუჭიროთ ყველა ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის კონსოლიდაციისკენაა მიმართულია”, – ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში.