სოფელ ზვარეში 4 მუშა დაჭრეს

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ამ დროისთვის დაძაბული ვითარებაა.
ზვარეს რწმუნებულის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ჩინური კომპანიის წარმომადგენელთა ქმედება გახდა.
,,გუშინ 4 ადგილობრივს სახლში შეშა მიჰქონდა, როდესაც კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლები ქუჩაში დახვდნენ და უთხრეს, რომ შეშა მათი კომპანიის ტერიტორიიდან მოიპარეს. “ჩინური კომპანიის“ წარმომადგენლებს ეგონათ, რომ ქართველები სახლში კომპანიის მიერ დამზადებული შეშა მიჰქონდათ და ამ მოტივით გზა ჩაუხერგეს. საბოლოოდ გუშინ სამი ქართველი სცემეს. ვითარება დღესაც დაიძაბა, დღეს დანით თუ ცულით კიდევ 4 ქართველი დაჭრეს”- ამბობს ზვარეს რწმუნებული ბერიკა ტალახაძე .
მისი თქმით, ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, დაშავებულები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
გუშინდელ და დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო.