SOS-დამოუკიდებელი რადიომედია სფრთხეშია -რამაზ სამხარაძე

„დამოუკიდებელი რადიო-მედია საფრთხეშია! ხვალ 12:00 საათიდან გაგვთიშავენ“ – ამ განცხადებას მედიაჰოლდინგ „ჰერეთის“ მფლობელი რამაზ სამხარაძე Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს და დიპლომატიური მისიებსა და მედიასაშუალებებს მხარდაჭერას სთხოვს.
„დღეს, მე და კიდევ რამდენიმე რადიოსადგურს დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს თუ არ დავფარავთ მიმდინარე დავალიანებას, რომელიც პანდემიის და სარეკლამო ბაზარზე წნეხის ( ყველამ კარგად იცით, რომ სათამაშო ბიზნესის რეკლამა მარტიდან ყველგან აიკრძალა, უკრაინაში მიმდინარე საომარმა პროცესებმა კი დაარტყა სამშენებლო ბიზნესს და მათი რეკლამა გაჩერდა.. რომ აღარაფერი ვთქვათ პანდემიისგან მიყენებულ ზარალზე, რომელიც ყველას შეგვეხო) შედეგად რადიოსადგურებს დაუგროვდა დავალიანება. მხოლოდ „ჰერეთის“ შემთხვევაში ეს 10 000 ლარამდეა, სხვასთან უფრო მეტი, ან ნაკლები.
გვითხრეს, რომ ეთერიდან გაგვთიშავენ ხვალ, დღის 12:00 საათიდან.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რადიოსადგურებს გარკვეული დავალიანება პანდემიის პერიოდში ეპატიათ. ჩვენ ინტენსიური მუშაობა გვქონდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ამ თემაზე… თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახლა მედია სხვა გამოწვევების წინაშეა.
განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა მედიას მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესა გადასახადების მიმართულებით, შეამცირა ან დროებით საერთოდ გააუქმა. ჩვენთან არაფერი შეიცვალა. ის კი არა, პირიქით ყოველთვიური გადასახადის გაზრდა სურთ.
დღეს, საქართველოში 45 რადიოა, რომელიც გაკოტრების და დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
ისედაც სტრესულ პერიოდში სამუშაო ადგილებს და ბიზნესს, რომ ვინარჩუნებთ ნამდვილად გმირობის ტოლფასია!!! მით უფრო, რომ მთლიანად დამოკიდებული ვართ სარეკლამო ბაზარზე. „ჰერეთის“ სამივე რადიოსადგურის შემთხვევაში ასეა, და ბევრი რადიოს შემთხვევაშიც!
მგონია, ეს ამბავი შეგნებულად ხდება, რომ ასეთ დროს ნიუს არეალი გაცილებით შემცირდეს.
მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილის, შეხვედრის, ზარების და ა.შ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ უწესებენ რადიომედიას შეღავათებს.
ტელე რადიო ცენტრის კუთვნილი ანძების სამართალმემკვიდრე საქართველოს მთავრობაა, რომელიც ამ დრომდე გვაიგნორებს.
ხვალ კი, როგორც გითხარით, გავითიშებით ეთერიდან.
ახლა გერმანიაში ვარ და უკვე იმას ვფიქრობ, პოლიტიკური დევნილის სტატუსი მოვითხოვო, ვინაიდან ჩემი ქვეყანა არ მაძლევს განვითარების შესაძლებლობებს, ის კი არა, როგორ მოგვგუდონ, იმას ფიქრობენ.
მივმართავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლობებს საქართველოში: დამოუკიდებელი რადიომედია საფრთხეშია! ვითხოვთ თქვენს ყურადღებას და პროცესებში აქტიურად ჩარევას, რადგან საფრთხე რეალურია.
ყველა კვლევის მიხედვით, რადიომედია ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმაა საქართველოს მოსახლეობისთვის და ყოველთვის მაღალი ეთიკური სტანდარტებით მუშაობს.
მედიას გთხოვთ, გაიზიაროთ და გაავრცელოთ“, – წერს რამაზ სამხარაძე.
დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს რდიოგერთიანებამ
“საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წერილის მიხედვით თუ რადიოსექტორი არ გადაიხდის არსებულ დავალიანებას, 22 ივნისიდან, რადიოს მოსმენას ვეღარ შეძლებენ მოქალაქეები, 40-ზე მეტი მაუწყებელს კი იძულებით მოუწევს მუშაობის შეწყვეტა.
საქართველოში პანდემიის დაწყების შემდეგ რადიოსექტორი მნიშვნელოვანი ფინანსური გამოწვევების წინაშე დადგა, სარეკლამო შემოსავლების კლებამ 30%-იან ნიშნულს გადააჭარბა, ხოლო არსებული სახელფასო ფონდისა და კომუნალური თუ სხვა ფინანსური დავალიანების ფონზე რამდენიმე რადიოსადგური დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
იმ შეღავათებმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაგვიწესა 2021 წელს, ვგულისხმობთ ტელე-რადიო ცენტრის მომსახურების ვალების ჩამოწერას და წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის არგადახდას, ამოსუნთქვის შესაძლებლობა მოგვცა. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტმა, რომელიც საზოგადოებისთვის შინაარსობრივად დიდ სიკეთეებს შეიცავს, ერთმნიშვნელოვნად ძლიერი ფინანსური დარტყმა მიაყენა საქართველოს მედია ბიზნესს, განსაკუთრებით, კი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს – რადიოსექტორს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სექტორის სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესის სარეკლამო განთავსებიდან მოდიოდა და საშუალოდ 20-30%-ს შეადგენდა.
რთული წარმოსადგენი არ არის, თუ რაოდენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა სექტორი. შექმნილ ვითარებაში კი ვერ ვასრულებთ ვალდებულებებს და ვერ ვიხდით გადასახადებს, მათ შორის თანამშრომელთა ხელფასებს.
ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ მივმართეთ ტელე-რადიო ცენტრს თხოვნით, რომ მთავრობისგან კონკრეტული პასუხის ან გადაწყვეტილების მიღებამდე არ გაეთიშა ანძებიდან რადიოსიგნალი, რაც სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან ერთად სექტორში დასაქმებულ ასობით თანამშრომელს სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე არ დააყენებდა. ვაცნობიერებთ, რომ ანძა, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება, საჭიროებს საკუთარი ფინანსური შემოსავლების ამოღებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირება, პრობლემის დროულად აღმოფხვრა და შესაბამისი ფინანსური შეღავათების დაწესება.
თუ სახელმწიფო დაუყოვნებლივ არ მიიღებს კონკრეტულ ზომებს, იძულებულები გავხდებით შევწყვიტოთ მაუწყებლობა, გავათავისუფლოთ თანამშრომლები, შეუძლებელი იქნება გადასახადების გადახდა, ვერ შევასრულებთ ვალდებულებებს და ვერ უზრუნველვყოფთ მოქალაქეების ინფორმირებას მაშინ, როდესაც ინფორმაციის გავრცელებას, სწორად და ოპერატიულად მიწოდებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მრავალი კვლევის მიხედვით, რადიო არის ინფორმაციის გავრცელების ყველაზე სანდრო წყარო”, – აღნიშნულია “რადიოგაერთიანების” მიერ გავრცელებულ მიმართვაში.