მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ჩემი მოგზაურობა ქართველების ქვეყანაში დასრულდა”-საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა პოსტი დატოვა

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ტროფიმოვმა თანამდებობა დატოვა. ჯერ უცნობია მისი შემცვლელის ვინაობა.

2025 წლის 5 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ვებსაიტზე, – საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ვებსაიტზე, – გამოქვეყნდა ტროფიმოვის გამოსამშვიდობებელი წერილი.

ამასთან, რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია Tass-ი წერს, რომ ტროფიმოვმა ფეისბუკზე დაწერა: „ჩემი თავგადასავალი ქართველთა მიწაზე დასრულდა“.

პროპაგანდისტული მედია ასევე შენიშნავს, რომ ფეისბუკი აკრძალულია რუსეთში და მას ფლობს კორპორაცია „მეტა“, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ექსტრემისტულად არის გამოცხადებული.

დმიტრი ტროფიმოვი 2021 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის ინტერესების სექციას შვეიცარიის საელჩოში.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა და მას შემდეგ ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ;
რუსეთსა და საქართველოს შვეიცარიის საელჩოების მეშვეობით ჰყავთ წარმომადგენლობები („ინტერესების სექციები“) თბილისსა და მოსკოვში.
2021 წლის 12 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სხვა რუს დიპლომატებთან ერთად, ტროფიმოვი ორდენით დააჯილდოვა „სამშობლოს წინაზე გაწეული სამსახურისთვის“.
რუსეთის სამთავრობო მედიის თანახმად, მისი გადადგომა დიპლომატიურ სამსახურში გეგმურ როტაციას უკავშირდება.

თუმცა 2025 წლის თებერვალში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები, რომლის თანახმადაც ტროფიმოვი გაიწვიეს, რადგან მოსკოვში უკმაყოფილონი იყვნენ მის მიერ საქართველოში „იმ მსახიობებისა და რეჟისორების სპექტაკლების ბილეთების საყიდად, ვინც რუსებსა შეურაცხყოფას აყენებს და რუსეთს და პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში ომის გაჩაღებას აბრალებს“. ეს ცნობა თებერვალშივე უარყო რუსეთის საგარეო უწყებამ და სპეკულაცია უწოდა.

2024 წლის 6 დეკემბერს, – თბილისში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, – ტროფიმოვმა განაცხადა, რომ ისურვებდა ქვეყანაში „ვითარების მდგრად დასტაბილურებას“: „ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართელოსთვისაც და მისი ყველა მეზობელი ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისთვის“.

ტროფიმოვის კოლეგა რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში, საქართველოს ინტერესების სექციაში 2024 წლის 9 მარტიდან არის მამუკა მერკვილაძე, რომელმაც ჩაანაცვლა გიორგი ქაჯაია.

გიორგი ქაჯაიამ, თავის მხრივ, ზურაბ აბაშიძე ჩაანაცვლა ახლადშეცვლილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კაბინეტში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე.

მამუკა მერკვილაძე არის ბიზნესმენი, რომელიც მანამდე რუსეთში ქართული დიასპორის ვიცე-პრეზიდენტი იყო. დიასპორის პრეზიდენტია დავით ცეცხლაძე;
ჩართული იყო რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებში;
35%-იანი წილი აქვს კომპანიაში, „კანიონი 350“, რომელსაც 2022 წელს სახელმწიფომ მარტვილში ბალდის კანიონი 40 წლით გადასცა – ამას მოსახლეობა დღემდე აპროტესტებს;
მერკვილაძის ცოლი, „ქართველი შემსრულებელი სმოლენსკის ოლქიდან“, თამარ დუდუნია, 2019 წელს გახდა ტელეარხ „ზვეზდას“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული მუსიკალური კონკურსის, „ახალი ვარსკვლავის“ გამარჯვებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ გეგმავს საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას ხელმძღვანელის შეცვლას. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, ტროფიმოვის თანამდებობიდან წასვლა დაგეგმილი როტაციაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button