ჰააგის სასამართლომ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერი გასცა
უკრაინის ქალაქ ოდესაში დაბადებული სერგეი კობალაში იბრძოდა რუსეთის 2008 წლის ომში საქართველოს წინააღმდეგ

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის მეთაურების დაპატიმრების ორდერი გასცა- ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
საუბარია რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურზე სერგეი კობილაშზე და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე ვიქტორ სოკოლოვზე. ისინი ჰააგის სასამართლომ ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნო.
„არსებობს საკმარისი საფუძველი, დავასკვნათ, რომ მათ პირადად ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ზემოხსენებული დანაშაულებისთვის“, – ნათქვამია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ცნობაში. „იმისთვის, რომ ბრძანება გასცეს დანაშაულების ჩასადენად და/ან სათანადო კონტროლს არ ახორციელებდნენ იმ ძალებისა, რომლებიც მათ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა“.
ჰააგის სასამართლოს განცხადების მიხედვით, ისინი ბრალდებულები არიან უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებზე 2022 წლის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, რა დროსაც დაზიანდა უკრაინის კრიტიკული ელექტრო ინფრასტრუქტურა და დიდი საფრთხე შეექმნათ სამოქალაქო პირებს.
ჰააგამ დაადგინა, რომ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე რუსი სამხედროების მხრიდან, მიზანმიმართულად ხორციელდებოდა.
სასამართლო ასევე ასკვნის, რომ დარტყმებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებზე მეტად, მშვიდობიანი მოსახლეობა დააზარალა.
შეგახსენებთ, 2023 წელს ICC-მ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი. ისინი ეჭვმიტანილი არიან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების დეპორტაციაში. მოსკოვი არ მონაწილეობს სასამართლოს მუშაობაში და აცხადებს, რომ არ ცნობს მის იურისდიქციას.
თებერვლის შუა რიცხვებში რუსეთის სამხედრო ბლოგერები იტყობინებოდნენ, რომ სოკოლოვი ფლოტის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ ჩაძირა რუსეთის სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“. ოფიციალურად ეს არ დაუდასტურებიათ.
სამხრეთ უკრაინის ქალაქ ოდესაში დაბადებული სერგეი კობალაში 2016 წლიდან ხელმძღვანელობს რუსეთის შორი მანძილის ავიაციას. მანამდე ის იბრძოდა ჩეჩნეთის ომებში, ასევე იბრძოდა რუსეთის 2008 წლის ომში საქართველოს წინააღმდეგ.
უკრაინის პრეზიდენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის დაკავების ორდერები გასცა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ყველა რუსმა სარდალმა, რომელიც უკრაინელებისა და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის ბრძანებას გასცემს, უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს
“მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რუსეთის შორ მანძილზე მყოფი ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ, რომლებიც ბრალდებულნი არიან ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. დანაშაულები ჩადენილ იქნა რუსეთის მიერ 2022 და 2023 წლებში უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, დაბომბვის დროს.
ყველა რუსმა სარდალმა, რომელიც გასცემს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ბრძანებას, უნდა იცოდეს, რომ სამართლიანობა აღსრულდება. ყველა ასეთი დანაშაულის ჩამდენმა უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს.
საერთაშორისო მართლმსაჯულება დროს მოითხოვს, მაგრამ ეს გარდაუვალია. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რათა უკრაინელი ბავშვების, ქალებისა და კაცების მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსი მხეცები დაუსჯელი არ დარჩნენ. და ვერცერთი ვარსკვლავი მხარზე, ან კაბინეტის კარზე, ვერ დაიცავს მათ პასუხისმგებლობისგან.” – წერს ზელენსკი.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის შორეული ავიაციის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერხი კობილაში და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი ეჭვმიტანილები არიან 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე, უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში.