ამ დროისათვის ქვეყანას მთავრობა არ ჰყავს-ოცნების მიზანია რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა მომდევნო კვირაში დაამტკიცონ

ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მომავალ კვირაში გაიმართება ბიუროს სხდომა, რის შემდეგაც საკითხს კომიტეტებში განიხილავენ, ბოლოს კი პლენარულ სხდომაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მთავრობის დამტკიცების რამდენიმედღიანი პროცედურაა, სამთავრობო პროგრამის განხილვა ჯერ კომიტეტებში ხდება, შემდეგ – პლენარულ სხდომაზე.
„განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება. ჩემს ყოველწლიური ანგარიშს თებერვლის მომავალ სასესიო კვირაში წარვადგენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მომავალ კვირაში გაიმართება ბიუროს სხდომა, სადაც მთავრობის მოსმენის გრაფიკი დამტკიცდება, შემდეგ რამდენიმე დღე კომიტეტებში იქნება განხილვა, შემდეგ – ოპოზიციასთან და ბოლოს საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.
„გეგმაა, რომ მთავრობა მომავალ სასესიო კვირაში დამტკიცდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ დროისათვის ქვეყანას მთავრობა არ ჰყავს. ღარიბაშვილის გუშინდელი გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტს უფლებამოსილება შეუწყდა.
პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად 1-ელ თებერვალს, ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. ამის შემდეგ კი პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს და საკანონმდებლო ორგანოს 2 კვირიანი ვადა ექნება ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად.
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.