ოპოზიციის მტკიცებით ერთიანობა არ დარღვეულა

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ძირითადი ნაწილი ერთიანი რჩება.
პოლიტიკური პარტიების ლუიდერების თქმით, ერთი ადამიანის განსხვავებული მოსაზრებები და ქმედებები მათ პოზიციებს ვერ დააზიანებს.
ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი პარტია “მოქალაქეებთან” თანამშრომლობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ელისაშვილს საერთო ოპოზიციური სპექტრის შეკრებებში მონაწილეობა თავად არ უნდა უნდოდეს.
“არავინ არ უნდა შევიდეს პარლამენტში, იმიტომ, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ შედგა, მოიპარა და ვერ იფორმებს. მოპარულ ნივთს ივანიშვილი ვერ იფორმებს. ამაში ხელი არ შეუწყო დემოკრატიულმა ოპოზიციამ. ვინც კი შეუწყობს ხელს და მაინც შევა პარლამენტში, მენანება, ძალიან მძიმე შედეგებს მოიმკის,“ – აცხადებს ნიკა მელია.
პარტია “მოქალაქეები“კი მნიშვნელოვნად კვლავ სამპუნქტიან შეთავაზებას მიიჩნევენ, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო სისტემის და ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას გულისხმობს.
“მთავარი მიზანი აქ არის, რომ შეთანხმება შედგეს და გაყალბებული არჩევნებისთვის “ოცნებამ” აგოს პასუხი. ეს ჩვენთან შეთანხმებით მოხდება, ჩვენს გარეშე მოხდება, გირჩი შეძლებს ამას, ჩვენ თუ ყველა ერთად, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მთავარია შედეგი, რომ ეს კრიზისი, რაც შეიძლება მალე იქნას დაძლეული. თუ “ქართული ოცნება” დათმობს იმას, რაც დადო პირობა, რომ ოპოზიციის 4 მოთხოვნიდან 3-ს შეასრულებს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ პარლამენტში,“ – განაცხადა პარტია ”მოქალაქეების” წევრმა ივანე ნორაკიძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. მას შემდეგ ელჩები ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებენ.
„ქართულ ოცნებაში“ ამ დრომდე გამორიცხავენ ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას.