ფინანსთა მინისტრის მოადგილე ,,ბიუჯეტის ხარჯვას ლარის კურსზე გავლენა არ ჰქონია”

ლარის კურსის ცვლილებებთნ დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
ფინანსთა მინისტრის მოადგილეც , გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ძირითადი ფუნდამეტური ფაქტორები, რაც ლარის კურსზე უნდა მოქმედებდეს, გასულ წელთან შედარებით დადებითია, ხოლო კურსის ცვლილებას არასწორი მოლოდინები და ერთჯერადი ტრანზაქციები იწვევს.

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, კაკაურიძემ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ცვლილებაზეც ისაუბრა.

“ამ თვალსაზრისით ეროვნული ბანკს ვეთანხმები. ორი ფაქტორია, რაც ლარის კურსის ცვლილებაზე ზემოქმედებს – ერთია არასწორი მოლოდინები, რაც გარკვეულმა ექსპერტებმა შექმნეს, რომ თითქოს, არჩევნების შემდეგ ლარი კატასტროფულ ნიშნულამდე უნდა მისულიყო. რა თქმა უნდა, არასწორი მოლოდინების შექმნა ლარზე ზეწოლას იწვევს და ეს შემდეგ უფრო მაღალ კურსში აისახება. მეორეა, ერთჯერადი ტრანზაქციები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ახსენა. ეს გარკვეულ გავლენას იწვევს, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მაკროპარამეტრები, მათ შორის სავაჭრო ბრუნვა, ქვეყანაში გადმორიცხვები, ტურიზმიდან შემოსავლები, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე ინფორმაციით, გადმორიცხვების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 13% არის გაზრდილი.

“ძირითადი ფუნდამეტური ფაქტორები, რაც კურსზე უნდა მოქმედებდეს, გასულ წელთან შედარებით დადებითია. კურსის ცვლილებას არასწორი მოლოდინები და ერთჯერადი ტრანზაქციები იწვევს. ბიუჯეტის ხარჯვას ლარის კურსზე გავლენა არ ჰქონია, რადგან გეგმის მიხედვით ხდება ხარჯვა“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button