EMC:საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არაეფექტურია

EMC-ის შეფასებით, იძულებით გამოსახლების საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არაეფექტურია

“მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ზედაპირულ ცვლილებებს შეიცავს. იგი ვერ პასუხობს, თავად ავტორის გაცხადებულ მიზნებს, ასუსტებს რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპციას და მოიცავს სხვა ხარვეზებს. თუმცა მთავარ პრობლემად გვესახება ის, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს უსახლკარო ან საცხოვრისიდან გამოსახლების რისკის წინაშე მდგარი პირების მძიმე უფლებრივ მდგომარეობას. შესაბამისად, ის არ პასუხობს უსახლკარობასა და იძულებით გამოსახლების პროცედურასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს.

იძულებითი გამოსახლების საკითხი პირდაპირ კავშირშია უსახლკარობის პრობლემასა და მის სამართლებრივ რეგულირებასთან. მიუხედავად ამისა, კანონპროექტი ვერ ამსუბუქებს, რიგ შემთხვევაში კი, ქმნის უსახლკარო პირების უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების პირობებს” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები აცდენილია უსახლკარობის საფრთხის წინაშე მდგარი ოჯახების რეალურ საჭიროებებს, არ მოიაზრებს ქმედითი მექანიზმების დანერგვას და შესაბამისად, ვერ იქონიებს რაიმე არსებით ეფექტს ისეთი მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა უსახლკარო პირების დაუცველობა სახელმწიფო თუ კერძო ობიექტებიდან მათი გამოსახლების პროცესში და მის შემდგომ. ეს უკანასკნელი სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის აღიარებას და უსახლკარო ჯგუფების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმების, მათ შორის, გამოსახლების პროცედურისას უფლების დაცვის სათანადო სტანდარტების, დადგენას უნდა გულისხმობდეს.

EMC აუცილებლად თვლის, რომ სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს უსახლკარო და გამოსახლების საფრთხის წინაშე მდგარი პირების სოციალური დიფერენციაციის ადეკვატური კრიტერიუმები; უზრუნველყოს უსახლკარო პირთა უფლებების დაცვისა და მათი სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის ადეკვატური საკანონმდებლო ბაზის, მათ შორის,უსახლკარობის ცნების შემუშავება; უზრუნველყოს იძულებითი გამოსახლების პროცესის დახვეწა იძულებითი გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

მსგავსი პოსტები

Back to top button