მნიშვნელოვანისიახლეები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„საომარი მოქმედებები უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა!“ – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში, რომელიც საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

პატრიარქის გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ეხმიანება უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს და მიუღებელს უწოდებს. მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებას გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარეც.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო თავდასხმას შოკისმომგვრელს უწოდებს.

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს ეხმიანება. ის ტვიტერზე უკრაინას გამარჯვებას უსურვებს.

მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს!” – წერს კალაძე.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას თბილისში პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ომი უკრაინაში დიდი საფრთხეა საქართველოსთვისაც და მასთან გასამკლავებლად მომზადებაა საჭირო.

პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რასაც მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობაც დაესწრება.

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ დღესვე შეიკრიბოს პარლამენტის საგანგებო სხდომა. მსურს, მათ შორის თქვენი ეთერიდან მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მოიწვიოს პარლამენტის სხდომა, რომელსაც დაესწრება მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, რადგან გვჭირდება, მოვემზადოთ იმ უმძიმესი შედეგებისთვის, რომელსაც ეს კონფლიქტი მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ უსაფრთხოების და უშიშროების, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც,”- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

იმავე ფრაქციის წევრი არმაზ ახვლედიანი კი კი ფიქრობს, რომ ამ სიტუაციაში ეროვნული უშიშროების საბჭო უნდა შეიკრიბოს, რომელსაც რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატიც დაესწრება.

“ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი უპირველესად ვფიქრობ, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს ეროვნული უშიშროების საბჭო და უნდა მოხერხდეს როგორმე და ოპოზიციის ერთი ან ორი წარმომადგენელი უნდა დაესწროს ამ შეკრებას. ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ არ დავმდგარვართ ასეთი საფრთხის წინაშე. დასავლეთის პოზიცია უნდა იყოს სასწრაფოდ ადეკვატური – ვგულისხმობ, რომ უნდა მოხერხდეს უმწვავესი ეკონომიკური სანქციებით რუსეთის შეჩერება,”- აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით კი საქართველომ ნებისმიერი ნაბიჯი დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა გადადგას.

“უკრაინაზე ახლა გადის თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი, შემდეგი ხაზი სად გავა, არავინ იცის – საქართველოზე, ბალტიისპირეთზე თუ სადღაც. ჩემი აზრით, უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს და რაღაცნაირად ვიყოთ შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვიმოძრაოთ მათთან შეთანხმებული ნაბიჯებით. სანქციების ამბავი იქნება და თუ სხვა რამე, ნებისმიერი რამ, უნდა გავაკეთოთ დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებით,”- აცხადებს იაგო ხვიჩია.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ დღეს უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება.

“არავინ არ ამბობს იმას, რომ საქართველომ რამე ზედმეტი საბაბი უნდა მისცეს რუსეთს პროვოცირებისთვის, არც უკრაინელებს არ მიუციათ პროვოკაციის მიზეზი. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას ცივილიზებული სამყარო, რადგან უკრაინაში პუტინი ებრძვის ცივილიზებულ სამყაროს, მშვიდობას, უკრაინაში წყდება საქართველოს ბედიც,”– აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე რუსეთმა უკრაინაში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია “დაიცვას ადამიანები”, რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან “გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან”. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button