სტამბოლი-თბილისის ავიარეისები ივნისიდან

ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) იმ შიდა და საერთაშორისო ავიარეისებს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო შეაჩერა, ივნისში აღადგენს.
3 თვიანი განრიგის მიხედვით, ავიაკომპანია ივნისში კვირაში 75 სიხშირით, 19 ქვეყნის 22 პუნქტში მოახდენს ოპერირებას. საქართველო Turkish Airlines-ს ივნისის თვის გეგმაში უწერია და უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია, თავდაპირველად, ოპერირებას კვირაში 4-ჯერ მოახდენს. რაც შეეხება სტამბოლი-ბათუმის მიმართულებას, ის ავიაკომპანიის ივნისის გრაფიკში არაა. Turkish Airlines-ი თბილისის მიმართულებით რეისებს როგორც საბიჰა გაგოჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან, ასევე “აეროპორტ სტამბოლიდანაც” ახორციელებდა. თუმცა, ამ დროისათვის, ავიაკომპანიის საიტზე თბილისის მიმართულებით ბილეთები მხოლოდ “აეროპორტ სტამბოლიდან” იძებნება.
რაც შეეხება ფრენების დაწყების თარიღს, ოფიციალური განცხადება ავიაკომპანიას არ გაუკეთებია, თუმცა სტამბოლი-თბილისის მიმართულებაზე ბილეთის შეძენა 28 მაისის თარიღზეც შესაძლებელია. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ეკონომ-კლასში ბილეთის ფასი 166,36 დოლარი იქნება, ბიზნეს-კლასში კი, – 537.86 დოლარი.
საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, Turkish Airlines-ი ბაზრის 11%-ს ფლობდა. 2018 წელსაც, – 11%%-ს, ხოლო 2017 წლის მონაცემებით კი, – 12%-ს.
2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, Turkish Airlines-ის წილი საქართველოს ავიაბაზარზე 12%-ით იყო განსაზღვრული.
2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში, Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე კვირაში 34 სიხშირით ოპერირებდა.
Turkish Airlines-ის გაწერილი განრიგის თანახმად, ავიაკომპანია ივნისში ფრენებს განახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: კანადა – ტორონტო, ყაზახეთი – ალმატი, ავღანეთი – ქაბული, იაპონია – ტოკიო, ჩინეთი – შანხაი, სამხრეთ კორეა – სეული, სინგაპური, დანია – კოპენჰაგენი, შვედეთი – სტოკჰოლმი, ნორვეგია – ოსლო, გერმანია – ფრანკფურტი, ბერლინი, დუსელდორფი და მიუნხენი, ავსტრია – ვენა, ნიდერლანდები – ამსტერდამი, ბელგია – ბრიუსელი, ბელარუსი – მინსკი, საქართველო – თბილისი, ლიბანი – ბეირუთი, ქუვეითი და ისრაელი – თელ ავივი.